TikTok-ის განცხადებით, წესდება ახალი შეზღუდვა, რომლის ფარგლებში 18 წელს მიუღწეველი პირები აპლიკაციით სარგებლობას დღეში მხოლოდ 60-წუთით შეძლებენ.
პლატფორმაზე ანგარიშის შესაქმნელად მომხმარებელი მინიმუმ 13 წლის მაინც უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი თინეიჯერი ახალ 60-წუთიან ლიმიტს გადააჭარბებს, ყურების გასაგრძელებლად აპლიკაცია ე.წ. პასკოდის შეყვანას მოითხოვს.
13 წელს მიუღწეველი მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებიც TikTok for Younger Users პლატფორმას იყენებენ, მშობლებს "პასკოდის" დაყენება/შეყვანა მოუწევთ, რათა ბავშვებმა ყურების გაგრძელება 30 წუთით შეძლონ.
"კვლევაც აჩვენებს, რომ შეიძლება, დახარჯული დროის უკეთ გაცნობიერება უფრო მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმაროს", — აცხადებს კორმაკ კინანი, TikTok-ის წარმომადგენელი — "შესაბამისად, თინეიჯერებს დღიური ლიმიტის დაწესებისკენაც მოვუწოდებთ, თუკი გადაწყვეტენ, რომ სტანდარტულ 60-წუთიან ლიმიტს გვერდი აუარონ და TikTok-ს დღეში 100 წუთზე მეტი დაუთმონ".სოციალური მედიის პლატფორმამ თინეიჯერი მომხმარებლების დასაცავად სხვა ზომებიც მიიღო. შესაბამის ანგარიშებზე კვირაში ერთხელ ეკრანთან გატარებული დროის მოხსენება იგზავნება; იმ მოზარდებს, რომლებიც აპლიკაციაში 100 წუთზე მეტს ატარებენ, TikTok დღიური ლიმიტის დაწესებას ახსენებს.
ამგვარი შეზღუდვები იმის შედეგია, რომ სოციალური მედიის ექსპერტები და ახალგაზრდობის აქტივისტები აქტიურად განიხილავენ, თუ რა გავლენა აქვს სოციალურ მედიას მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მოხსენებით, 2007-იდან 2017 წლამდე, სტაბილური შვიდი წლის შემდეგ, 10-24 წლის ადამიანებში სუიციდის მაჩვენებელი 56%-ით გაიზარდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში თვითმკვლელობა სიკვდილის რიგით მეორე მიზეზი გახდა უბედური შემთხვევების შემდეგ.
კრიზისის მიზეზს დაზუსტებით ვერ დავასახელებთ, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამას ნაწილობრივ სოციალური მედიის აქტუალობის ზრდას მიაწერს; Pew Research Center-ის მიხედვით, 2018 წელს ინტერნეტს "თითქმის განუწყვეტლივ" იმაზე ორჯერ მეტი თინეიჯერი მოიხმარდა, ვიდრე 2014-ში. ამასთანავე, კვლევით დადგენილია ისიც, რომ ეკრანზე ნაკლები დროის გატარება, შესაძლოა, მოზარდებს თვითშეფასების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ლიმიტის ამოწურვის შემდეგ უბრალოდ "პასკოდს" შეიყვანს და ყურებას ისე განაგრძობს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. შესაბამისად, ჯერჯერობით რთული სათქმელია, გამოიღებს თუ არა რაიმე შედეგს მსგავსი მიდგომა.