საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებენ.
ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.