„ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადეს.
„პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრ თეონა აქუბარდიასთან ერთად, 2 მარტს, დავარეგისტრირეთ და ბიუროზე გავიტანეთ „ოცნების“ რუსული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენების შემცირების შესახებ“. პირადად, მე გახლდით ბიუროზე. ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას. ეს არის ერთადერთი გამართლებული საკანონმდებლო პასუხი „რუსული მიზნების“ აგენტურულ კანონპროექტზე, რომლითაც ხელისუფლება საკანონმდებლო დივერსიას ამზადებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა.
პარტიამ "საქართველოსთვის" წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, დეპუტატების კონსტიტუციური უფლების დასაცავად, პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წერილით მიმართეს.