შოტლანდიელმა ანგუს ბარბიერმა (Angus Barbieri), რომელიც წლების განმავლობაში ზედმეტი კილოგრამებით იტანჯებოდა, წონაში დაკლება ექსტრემალური გზით გადაწყვიტა.
27 წლის მამაკაცმა, რომელიც ორას კილოგრამზე მეტს იწონიდა, ექიმებთან შეთანხმებით, საკვების მიღება შეწყვიტა და ერთი წლის განმავლობაში ჩაის, ყავის, მინერალური წყლისა და ვიტამინების გარდა არაფერს იღებდა. დაუჯერებელია, მაგრამ ახალგაზრდამ 113 კილოგრამის დაკლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მოახერხა.
ექსტრემალური შიმშილობა შოტლანდიის დანდის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორების და ექიმების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. უშაქრო ჩაისა და ყავის გარდა, შოტლანდიელი კალიუმს, ნატრიუმს, ვიტამინებს და ცოტაოდენ საფუარს იღებდა. ექიმები ბარბიერის სისხლში გლუკოზის დონეს და ელექტროლიტებს მუდმივად აკონტროლებდნენ და ახალგაზრდამ საჭმლის გარეშე... 365 დღე გაძლო.
შიმშილობის დღეების შემდეგ ექიმებმა ჩაისა და ყავაში ნელ-ნელა რძისა და შაქრის დამატება დაუწყეს. შიმშილობიდან 392 დღეზე მყარი საკვების მიღება განაახლა - ერთი მოხარშული კვერცხი და პურის ნატეხი შეჭამა და რეპორტიორებს განუცხადა, რომ ამ ულუფამ საკმაოდ დაანაყრა.
ანგუსმა შიმშილობა 1965 წლის 11 ივლისს დაიწყო და 1966 წლის 11 ივლისს დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცმა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ რვა კილოგრამი მოიმატა.
ის 1990 წელს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა.
ექიმები ადასტურებენ, რომ ასეთი შიმშილობა შესაძლებელია, თუმცა ის სიცოცხლისთვის საშიშია და ყველას ანგუსივით არ უმართლებს. ანგუსის ორგანიზმი დაგროვილ ცხიმს წვავდა, კალორიების ნაცვლად.
შიმშილმა, ზოგადად, შესაძლოა, ორგანოების უკმარისობა და გულის პრობლემები გამოიწვიოს. ასე რომ, არ სცადოთ!