უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონ დოლარს შეადგენს,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, პაკეტის შესახებ განცხადება პარასკევს, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თეთრ სახლში ვიზიტის დროს გაკეთდება.
გამოცემის წყაროების თანახმად, პაკეტში HIMARS-ისა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემების საბრძოლო მასალა შევა, მაგალითად 155 მმ და 105 მმ. მათი თქმით, პაკეტში პირველად შევა დაჯავშნილი ხიდგამდები მანქანები.
ცნობისთვის, ხუთშაბათს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და არტილერიის საბრძოლო მასალა შევა, მაგრამ არ დააკონკრეტა პაკეტის ღირებულება.
ახალ პაკეტთან ერთად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება 32 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.