„რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველგან და ყოველთვის უნდა ვაცინო, პირადი შეხვედრისას აუცილებლად გონებამახვილურ ხუმრობას ელიან ჩემგან და გულწრფელად უკვირთ, როცა უარს ვეუბნები, რადგან სინამდვილეში, ძალიან ჩუმი და მორიდებული, საოცრად მოსაწყენი ადამიანი ვარ“, - აღნიშნა როუენ ატკინსონმა, რომლის სახელი პირველ რიგში ცნობილ პერსონაჟთან მისტერ ბინთან ასოცირდება, რადგან სწორედ კომიკურმა პერსონაჟმა მოუტანა მსოფლიო აღიარება, სავიზიტო ბარათად კი, უცნაური გარეგნობა და შთამბეჭდავმა მიმიკა აქცია.
მცირეწლოვანი როუენი, რომელიც 1955 წლის 6 იანვარს დაიბადა, ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ კონსენტში, ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა იშვიათი სამსახიობო ნიჭითა და უნიკალური მიმიკით, რომლითაც ხშირად სარგებლობდა სკოლაში. სხარტი აზროვნების და ტექნიკური საგნებით გატაცების მიუხედავად, ატკინსონი არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებით, ამიტომ თანატოლებთან ერთად პედაგოგების გულის მოგებასაც სწორედ ხუმრობით და უჩვეულო მიმიკის დემონსტრირებით ცდილობდა.
11 წლის როუენი მშობლებმა ჯერ ჩორისტერის პრესტიჟულ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი სწავლობდა, მერე სენტ-ბისის დახურულ კერძო სკოლაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სპორტულ დისციპლინებს ექცეოდა. 13 წლის ატკინსონისთვის, რომელიც არც ათლეტური აღნაგობით გამოირჩეოდა, არც სპორტის სიყვარულით, ნამდვილ კოშმარად იქცა ფიზიკური ვარჯიშები. სუსტ და მოუქნელ როუენს ხშირად დასცინოდნენ კლასელები, რამაც უკვე ნაცადი მეთოდის გამოყენება და პედაგოგების პაროდირებით თანატოლების კეთილგანწყობის მოპოვება აიძულა.
თუმცა, სკოლის დასრულების შემდეგ როუენს ძალიან მოჰბეზრდა მუდმივად მასხარას როლში ყოფნა და ისედაც მორცხვი, საერთოდ საკუთარ თავში ჩაიკეტა. რა თქმა უნდა, სცენასა და მსახიობობაზე ატკინსონი არასდროს ფიქრობდა, მით უფრო, რომ ბავშვობიდან ფიზიკით გატაცებულმა ნიუკასლის უნივერსიტეტში გადაწყვიტა ელექტრონიკის შესწავლა, საიდანაც ოქსფორდის უნივერსიტეტში გადაინაცვლა. სწორედ იქ გაიცნო მომავალმა კომიკოსმა მწერალი რიჩარდ კერტისი და კომპოზიტორი ჰოვარდ გუდალი, ვისთანაც მეგობრობა და თანამშრომლობა წლების მანძილზე გაგრძელდა.
მართალია, როუენი დიდხანს უარობდა, მაგრამ მეგობრების თხოვნით საბოლოოდ მაინც შეუერთდა ჯერ ექსპერიმენტული თეატრის დასს, მერე ოქსფორდის უნივერსიტეტის დრამატულ საზოგადოებას და იუმორისტულ სკეტჩებზე შეუდგა მუშაობას. სწორედ კერტისთან ერთად შექმნილი გონებამახვილური ეტიუდების წყალობით გაიმარჯვა როუენმა ბრიტანეთის კომედიის ფესტივალზე, მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ კი, Etceteras-ს დასთან ერთად გაემგზავრა ტურნეში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ატკინსონმა სწრაფად მოიპოვა საუკეთესო კომიკოსის სახელი ბრიტანეთში, მსოფლიო აღიარებისკენ პირველ ნაბიჯად კი, რადიოშოუ The Atkinson People იქცა ისევ რიჩარდ კერტისთან თანაავტორობით. სატირული გადაცემა, რომელშიც კომიკოსი თავისივე გამოგონილ პერსონაჟებთან მართავდა ინტერვიუებს 1978 წელს გავიდა პირველად ეთერში და სწრაფად იქცა ბრიტანელების საყვარელ თავშესაქცევად.
როუენის ტელედებიუტი მეგობარი კომიკოსის ენგუს დეივის წყალობით შედგა, რომელმაც BBC2-ის მესვეურებს წარუდგინა ერთობლივი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ატკინსონის არტისტიზმით მოხიბლულმა პროდიუსერებმა მისი ხელიდან გაშვება არ მოინდომეს და ახალბედა მსახიობს საკუთარი შოუს გაკეთება შესთავაზეს, რომელმაც უჩვეულო სახელი „არა 9-საათიანი ახალი ამბები“ (Not the Nine O'Clock News) შეიძინა. ატკინსონმა ისევ ძველი მეგობრების მხარდაჭერით ისარგებლა, ჰოვარდ გულდს შოუსთვის მუსიკის დაწერა სთხოვა, ერთგულ პარტნიორ კერტისს კი, თანაავტორობის თხოვნით მიმართა.
წარმატებულ დებიუტს შუასაუკუნეების კომედია „შავი გველგესლა“ (Blackadder) მოჰყვა, რომელშიც ატკინსონმა ედვარდი, ედინბურგის გრაფი განასახიერა. მართალია, ედვარდის მიმიკა და ქცევის მანერა სრული იმპროვიზაცია იყო საპილოტე სერიაში, მაგრამ იმდენად ზუსტად მოერგო პერსონაჟს, რომ თავად გამოცდილი ჰიუ ლორიც დაჩრდილა. სხვათა შორის, როუენი ბავშვობიდან ენის ბორძიკით იტანჯებოდა, თუმცა მსახიობმა მეტყველების დეფექტიც საკუთარ ღირსებად და ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილის ნაწილად აქცია.
მსოფლიო აღიარება ატკინსონმა კომედიური სერიალით „მისტერ ბინით“ მოიპოვა, რომელიც 1990 წლის პირველ იანვარს გავიდა ეთერში და მხოლოდ საცდელ შოუდ იყო ჩაფიქრებული Thames Television-ის საახალწლო გადაცემაში, თუმცა, სახალისო პერფორმანსი ექსტრავაგანტური პერსონაჟით მთავარ როლში სწრაფად დაწინაურდა რეიტინგში, რამაც Thames-ის არხს სრულფასოვანი სერიალის შექმნა გადააწყვეტინა. აღსანიშნავია, რომ მისტერ ბინის პერსონაჟი ატკინსონმა ჯერ კიდევ ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას მოირგო და სწორედ მისი წყალობით გაიმარჯვა კომედიის ფესტივალზე.
ერთი შეხედვით მარტივი პერსონაჟი, სინამდვილეში ძალიან რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან მისტერ ბინი ნაკლებად საუბრობდა და დიალოგებსაც იშვიათად მართავდა. ატკინსონმა მთელი დატვირთვა მის მიმიკაზე, ჟესტებზე, პლასტიკაზე გადაიტანა და სწორედ ასე შექმნა საოცრად თვითმყოფადი პერსონაჟი, რომლის პოპულარობა სწრაფად გასცდა ბრიტანეთის საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება.
მისტერ ბინის თავგადასავლები მთელი ხუთი წელი ახალისებდა პუბლიკას თითქმის ყველა კონტინენტზე. მეტიც, პირველ სეზონზე კომედიამ რეკორდიც კი დაამყარა, როცა სერიამ „მისტერ ბინი ქალაქში გადის“ (Mr. Bean Goes to Town) 20 მილიონ მაყურებელს მოუყარა თავი.
სერიალის წარმატებამ ატკინსონს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შთააგონა, რომლის პროდიუსერობა კერტისს გადააბარა. წამოწყებამ გაამართლა, რადგან 1997 წელს გამოსულმა „მისტერ ბინმა“ 250 მილიონზე მეტი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში და წლის საუკეთესო ბრიტანულ კომედიად დასახელდა.
სტაბილური პოპულარობის მიუხედავად, ატკინსონს მაინც მოჰბეზრდა საკუთარი ორეული, რომელიც სერიალს არ დასჯერდა და პრაქტიკულად მთელი ბრიტანული ტელევიზია დაიპყრო სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით. მართალია, 2007 წელს ფილმის „მისტერ ბინის არდადეგების“ (Mr. Bean's Holiday) გამოსვლის შემდეგ როუენმა საკუთარ პერსონაჟთან სამუდამოდ დამშვიდობების შესახებ განაცხადა, მაგრამ 2012 წელს სწორედ საკულტო როლით გამოჩნდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე და ერთგვარი კომიკური სკეტჩი დადგა, როცა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს ფორტეპიანოს ერთ კლავიშზე დაკვრით გაუწია აკომპანირება ცნობილი კომპოზიციის Chariots of Fire შესრულებისას.
ოლიმპიური ასპარეზობის დასრულების შემდეგ ატკინსონმა კიდევ ერთხელ განაცხადა ბინის კარიერის დასრულების შესახებ და აღნიშნა, რომ მართალია, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ბევრად უკეთ იცის როგორ შეასრულოს საკუთარი შემოქმედების მთავარი როლი, მაგრამ ბინის მდიდარი მიმიკის გამო ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო უჭირს მისი განსახიერება. ამასთანავე, ძალიან ეუხერხულება, როცა ზრდასრული, შეჭაღარავებული მამაკაცი ზედმეტად ბავშვურად იქცევა ეკრანზე.
2014 წელს ატკინსონმა საკუთარი პერსონაჟი გაახმოვანა ანიმაციურ სერიალში Mr. Bean, მოგვიანებით კი, პოპულარული შოკოლადის Snickers-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს როუენმა ახალი პროექტი წამოიწყო, საკუთარ YouTube-არხზე მიიწვია მაყურებელი და არა მხოლოდ ძველი პოპულარობა დაიბრუნა, არამედ „YouTube-ის ბრილიანტის ღილაკიც“ დაიმსახურა უზარმაზარი რეიტინგის წყალობით.
ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ატკინსონმა ჯერი ცუკერის სათავგადასავლო კომედიაში „ვირთხების რბოლა“ (Rat Race), რომელშიც არანაკლებ ცნობილ კომიკოსებს ვუპი გოლდბერგს, კუბა გუდინგ უმცროსს და ჯონ ლოვიტსს გაუწია პარტნიორობა. მართალია, თავიდან მსახიობს ჩინელი ბიზნესმენი უნდა განესახიერებინა, მაგრამ საბოლოოდ იტალიელი ტურისტის როლი მიიღო და არა მხოლოდ შესაბამისი აქცენტი მოირგო, არამედ მაქსიმალურად შეეცადა რიკო პოლინი მისტერ ბინს არ დამსგავსებოდა.
2003 წელს ატკინსონი კომედიური ბოევიკით „აგენტი ჯონი ინგლიშით“ (Johnny English Reborn) წარსდგა მაყურებლის წინაშე. ოლივერ პარკერის ნამუშევარში, რომელიც იუმორისტულ პაროდიად იქცა ჯეიმს ბონდის ფილმებზე, მსახიობმა ისევ წარმატებით დააღწია თავი ტრადიციულ ამპლუას და ჯერ ფილმის წარმატება აღნიშნა, მერე პრესტიჟული პრემიის European Film Awards-ის მიღება, რომელიც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში დაიმსახურა. არანაკლებ იღბლიანი აღმოჩნდა ფილმის გაგრძელება, რომელშიც ატკინსონმა ისევ მთავარი როლი შეასრულა, ემა ტომპსონმა კი, უჩვეულო ამპლუა მოირგო და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განასახიერა.
ახალ და სრულიად განსხვავებულ - დეტექტიური დრამის ჟანრში მოუწია მსახიობს შესაძლებლობების მოსინჯვა, როცა 2016 წელს ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის რომანების მოტივებზე შექმნილ სერიალში „მეგრე“ (Maigret) შეასრულა მთავარი როლი. კრიტიკოსებმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასეს ატკინსონის ნამუშევარი, რადგან ნაწილი ძალიან დაიბნა და საერთოდ ვერ შეძლო მისი სერიოზულად აღქმა.
მართალია, თავად როუენი ძალიან გაახარა შეთავაზებამ და მსგავსი პერსონაჟის განსახიერების შესაძლებლობამ, რადგან ბავშვობიდან მოსწონდა კომისარ მეგრეს ისტორიები, უკვე ზრდასრული კი, 1950-იანი წლების პარიზსა და მის განუმეორებელ ატმოსფეროზე შექმნილმა რეტრო-ფილმებმა გაიტაცა, მაგრამ მაინც დიდხანს ორჭოფობდა. მსახიობმა ვერაფრით გადაწყვიტა რამდენად ღირდა მსგავსი სირთულის პროექტში ჩაბმა, რადგან ერთის მხრივ, დეტექტივის ჟანრი აფრთხობდა, მეორეს მხრივ, ძალიან არ უნდოდა მისი მეგრე ცნობილი მსახიობების მიერ მანამდე შექმნილ პერსონაჟს დამსგავსებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დათმო და შეთავაზებას დათანხმდა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მწერლის შვილს ჯონ სიმენონს ვერ უთხრა უარი, რომელმაც ფილმის პროდიუსერობა ითავა.
კომიკოსი ნაკლებად სწყალობს პრესას, რადგან ძალიან არ მოსწონს ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, გულუბრყვილო და დაბნეული იერის მიუხედავად, საკმაოდ მდიდარი რომანტიკული ისტორია აქვს, რადგან ახალგაზრდას ჯერ მსახიობი ლესლი ეში უყვარდა, უპასუხოდ დარჩენილმა კი, BBC-ის მხატვარი სანეტრა სესტრი გაიცნო, რომელზეც 1990 წელს იქორწინა. მართალია, ოფიციალური ცერემონია მოკრძალებულად, მხოლოდ ახლობლების წრეში ჩატარდა, სამაგიეროდ წვეულება მოეწყო ლონდონის ცენტრში, რესპექტაბელურ რესტორანში 800-მდე სტუმრის მიწვევით.
წყვილს ორი შვილი შეეძინა - ლილი გრეისი და ბენჯამინ ალექსანდრ სებასტიანი. ლილიმ ჯერ კინემატოგრაფიაში მოსინჯა შესაძლებლობები და მეორე პლანის როლებით გამოჩნდა მამის ფილმებში, მერე მუსიკით დაინტერესდა და სოულით გატაცებულმა რამდენიმე ალბომი ჩაწერა.
23-წლიანი ოჯახური იდილიის მიუხედავად, 2013 წელს მეუღლემ ლუიზა ფორდთან ღალატში ამხილა როუენი. როგორც აღმოჩნდა მსახიობებმა ერთი წლით ადრე გაიცნეს ერთმანეთი თეატრალურ ფესტივალზე და რომანიც გააბეს. ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ ატკინსონმა ოფიციალურად გააფორმა განქორწინება მეუღლესთან და ლუიზასთან ერთად გადაბარგდა ახლად შეძენილ სახლში ლონდონთან ახლოს, სადაც ორი წლის შემდეგ ქალიშვილის ისლას დაბადება აღნიშნა.
შესაძლოა ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩუმი და მოკრძალებული ატკინსონი ექსკლუზიური ავტომობილების მოყვარული და თავგამოდებული მრბოლელია, რომლის კოლექციაში საკმაოდ ძვირადღირებული მოდელების მოძიებაც შეიძლება Rolls-Royce-ით დაწყებული Aston Martin-ით დასრულებული, რომელსაც მისივე პერსონაჟი მართავდა ფილმში „აგენტი ჯონი ინგლიში“.