რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ, "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. 33-კაციან რაზმს ტრავმის გამო მირიან მოდებაძე გამოაკლდა, მის ნაცვლად კი შეკრებაზე 18 წლის ლუკა ხორბალაძე შევიდა.
ლუკა ხორბალაძე ქართული რაგბის ქომაგმა გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გაიცნო. ფულბეკისა და ფრთის პოზიციაზე მოთამაშე მორაგბემ არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, გაიტანა ლამაზი ლელოები, მათ შორის ორი ფინალში პორტუგალიასთან. ის ასევე მაღალი პროცენტული სიზუსტით ასრულებდა გარდასახვებს.
რაც შეეხება მოდებაძეს, მას ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამო რუმინეთთან მატჩის გარდა, 19 მარტს გასამართ ფინალურ შეხვედრასაც გამოტოვებს.