პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტებს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, 6 მარტს ჩანიშნულ იურდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც. მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში პროტესტი გამოხატეს, განაცხადეს, რომ კანონპროექტები სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.
პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გაიყვანა. კრიტიკა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენელთა უდიდესმა ნაწილმა სხდომაზე შესვლა ვერ შეძლო.დაძაბული ვითარება იყო პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელთანაც. შალვა პაპუაშვილთან შესვლას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ითხოვდენენ. მათ საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდეს, გამოხატონ პროტესტი კანონპროექტებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის.