მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ სკოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო და უწყებიდან მხოლოდ სასამართლო დავის რეკომენდაცია გაიცა. მარნეულელი მასწავლებლებისა და მშობლების განცხადებით, 150 ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე ქართულ ენოვანი სკოლის გარეშე რჩება.
სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ სასწავლებლის ადმინისტრაციამ სკოლაში პრობლემების აღმოფხვრისთვის დრო მოითხოვა, თუმცა განათლების სამინისტრომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სკოლას აკრედიტაცია შეუჩერა.
ფაქტს სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლები და მშობლები დილიდან აპროტესტებენ და სამინისტროს გადაწყვეტილებას ანტიეროვნულს უწოდებენ.