რუსეთის ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავალი იანვარში 38%-ით, ანუ 18,5 მლრდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როცა 2022 წლის იანვარში მიღებული შემოსავალი 30 მლრდ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა Reuters-ს განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის ენერგომატარებლების წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა თავის მიზანს მიაღწია: ნავთობისა და გაზის შემოსავლები მოსკოვისთვის ისე შემცირდა, რომ ამ ბაზრებზე სტაბილურობა არ დაირღვეულა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში მოლოდინი აქვთ, რომ შემოსავლები ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან რუსეთისთვის უახლოეს თვეებში მკვეთრ კლებას განაგრძობს, რაც ტექნოლოგიებსა და ინვესტიციებზე არახელმისაწვდომობის გამო საშუალოვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მკვეთრი იქნება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს ოფიციალური მოსკოვისთვის, ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა, დაახლოებით, 11,6 ტრლნ რუბლი (154,68 მლრდ დოლარი) შეადგინა, ხოლო უკრაინის ომის გამო გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების, დეფიციტის დასაფარად რუსეთი იძულებული გახდა, საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა დაეწყო. შემოსავლების შემცირების გამო ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი იანვარში შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის გაყიდვას პირველად დაუბრუნდა, რაც 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ არ მომხდარა.
თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამჯერ მეტი ოდენობის, ანუ 160,2 მლრდ რუბლის ექვივალენტი უცხოური ვალუტის, დღევანდელი კურსით, თითქმის, 2,132 მლრდ დოლარის გაყიდვას აპირებს. ამასთან, მთავრობა ბიუჯეტში ბიზნესის „ერთჯერადი ნებაყოფლობითი შენატანის“ შემოღებას განიხილავს.