პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა თითქმის 26%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომელი პროფესიების დაუფლებაზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა საქართველოში. გასული წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო. 2022 წელს პროფსასწავლებლებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი - კაცი.
2021 წელთან შედარებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი თითქმის 26%-ით არის გაზრდილი. რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი, რომელსაც მოსდევს აჭარა და შემდეგ იმერეთი.
რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, 2022 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 7 605 სტუდენტი შეადგინა. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის, მომსახურებების, ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის, ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის პროგრამებზე