სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღს ესტუმრა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუდენტებთან შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით - შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, ამოცანებსა და მიზნებზე ესაუბრა და ახალი ინიციატივები გააცნო.