1985 წლის 7 მარტს პუბლიკამ დღეს უკვე კლასიკად ქცეული კომპოზიცია We Are the World მოისმინა, რომელიც USA for Africa-ს სუპერჯგუფში გაერთიანებულმა, სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული სტილის 45 ამერიკელმა მუსიკოსმა შეასრულა.
საქველმოქმედო სინგლი მილიონობით მოშიმშილე აფრიკელის დასახმარებლად მართლაც უნიკალურ პროექტად იქცა, რადგან მუსიკალური სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყარა თავი. ამავე სახელწოდების ალბომში შესული კომპოზიცია, რომელიც გოსპელისა და პოპულარული მუსიკის ჟანრს მიეკუთნება, მაიკლ ჯექსონსა და ლაიონელ რიჩის ავტორობით შეიქმნა, მისი პროდიუსირება კი, ქუინსი ჯონსმა და მაიკლ ომარტიანმა ითავეს.
1984 წლის ნოემბერში ბრიტანელმა მუსიკოსებმა საქველმოქმედო სინგლი Do They Know It's Christmas? გამოუშვეს, რელიზის გაყიდვით მიღებული თანხა კი, ცნობილი კონცერტის Live Aid-ის შემოსავალთან ერთად ეთიოპიის მოშიმშილეთა დახმარების ფონდში გადაირიცხეს. ბრიტანელების იდეა მოიწონა ამერიკელმა მომღერალმა და საზოგადო მოღვაწემ ჰარი ბელაფონტემ, რომელმაც ანალოგიური აქციის ორგანიზება ამერიკაში გადაწყვიტა. მართალია, თავიდან ბელაფონტეს საქველმოქმედო კონცერტის მოწყობა უნდოდა მხოლოდ აფროამერიკელი მუსიკოსების მონაწილეობით, მაგრამ საკუთარი წამოწყების საკონცერტო პრომოუტერთან რონ დელზენერთან და პროდიუსერთან კენ კრაჯენთან განხილვის შემდეგ მიხვდა, რომ ბევრად მარტივი იქნებოდა მეგობარი მუსიკოსების შეკრება და ერთობლივი სიმღერის ჩაწერა.
კომპოზიციაზე მუშაობა 1984 წლის ბოლოს დაიწყო. მართალია, მაიკლ ჯექსონსა და ლაიონელ რიჩისთან ერთად მის შექმნაში სტივი უანდერსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ნიუ-იორკში გამგზავრებულმა მუსიკოსმა ვერ შეძლო კალიფორნიაში დროულად დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ ჯექსონს და რიჩის უკვე ჰქონდათ თანამშრომლობის გამოცდილება კენი როჯერსის ალბომის ჩაწერისას, ამიტომ ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას, მით უფრო, რომ მეტად საპასუხისმგებლო მისია - გლობალური მნიშვნელობის სიმღერის შექმნა დაევალათ.
მოტივაციისა და შესაბამისი განწყობის შესაქმნელად მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნებს უსმენდნენ, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებული შემართებით, სულისკვეთებითა და ძლიერი ჟღერადობით გამოირჩევა. ერთობლივ სესიებზე რიჩი და ჯექსონი მხოლოდ ტექსტის საერთო მონახაზსა და მელოდიაზე შეთანხმდნენ, რომელიც მოგვიანებით ენსინოში, საკუთარ სტუდიაში გამოკეტილმა ჯექსონმა დაამუშავა. მუსიკოსმა ერთ ღამეში მოამზადა ტექსტი, პარტია ყველა ინსტრუმენტისთვის და მანვე უწოდა კომპოზიციას We Are the World.
მუსიკოსებთან მოლაპარაკებას, ვისი მონაწილეობაც პროექტში იგეგმებოდა, პროდიუსერი კენ კრაჯენი შეუდგა, „ამერიკული პოპულარული მუსიკის ნამდვილი ვარსკვლავების, იმ შემსრულებლების შეკრება მინდოდა, ვინც ჩარტებში ლიდერობდა“, - აღნიშნა კრაჯენმა, რომელიც თავიდან მხოლოდ 10-15 ვარსკვლავის მიწვევას ვარაუდობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მუსიკოსთა რიცხვმა ოთხ ათეულს გადააჭარბა. მეტიც, პროდიუსერმა სულ მცირე 50 მოხალისე გაისტუმრა უარით, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა სიმღერის ასე მასშტაბურ გუნდში გადანაწილება.
1985 წლის 22 იანვარს ინსტრუმენტული პარტიები და დემოვერსია მომზადდა რიჩისა და ჯექსონის შესრულებით, სიმღერა კი, ლოს-ანჯელესში, A&M Recording Studios-ში ჩაიწერა 28 იანვარს, American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ. კრაჯენის განცხადებით, ყველაზე რთული ორგანიზატორებისთვის ვარსკვლავური სესიის დროისა და ადგილის გასაიდუმლოება აღმოჩნდა, „რა მოხდებოდა, სტუდიაში მისულ ვარსკვლავებს ასეულობით ფანი რომ დახვედროდა?! რა თქმა უნდა, არავინ მოინდომებდა მსგავსი აჟიოტაჟის შემდეგ მუშაობას“, - აღნიშნა კრაჯენმა, რომელიც ყველაზე მეტად პრესას და ზედმეტად ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს უფრთხოდა.
საგუნდო პარტიებზე მუშაობას მუსიკოსები მაიკლ ჯექსონის შესავლის შემდეგ შეუდგნენ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა სიმღერის კონცეფცია, მიზანი და ყველას „ასე შორეული, თუმცა ძალიან ახლობელ ადამიანებზე ზრუნვისკენ“ მოუწოდა. ღამის 3 საათზე კოლექტიური ჩაწერა დასრულდა, მუსიკოსები სოლო პარტიების დამუშავებას შეუდგნენ და მხოლოდ გამთენიისას, 10-საათიანი მომქანცველი მუშაობას შემდეგ დატოვეს სტუდია. „35-წლიანი კარიერის მანძილზე, სწორედ ეს ღამე იყო საუკეთესო. ყველა ენთუზიაზმით, უანგაროდ მუშაობდა და არავინ ფიქრობდა საკუთარ სარგებელზე. როგორც ჩანს, ვარსკვლავებსაც შეუძლიათ დროებით საკუთარ ეგოზე უარის თქმა და სხვისი ტკივილის გაზიარება“, - აღნიშნა კოლეგების ქველმოქმედებით აღფრთოვანებულმა ქუინსი ჯონსმა.
ვიდეოფირზე ჩაიწერა მუსიკოსების უნიკალური სესიაც, რომელიც მოგვიანებით კლიპად გაკეთდა. ვიდეორგოლზე პროდიუსერებმა კრეიგ გოლინმა და ჰოვარდ მელიმ იმუშავეს. მართალია, ბიუჯეტმა კლიპის გადასაღებად მთელი 750 ათასი შეადგინა, აღჭურვილობის, რეჟისორების და ოპერატორთა ჯგუფის ანაზღაურების ჩათვლით, მაგრამ შემოქმედებითმა ჯგუფმა უარი თქვა ჰონორარზე. კლიპის პრემიერა 1985 წლის 11 მარტს შედგა MTV-ს არხზე, მაისის თვეში კი, ტელეკომპანია HBO-მ შესთავაზა მაყურებელს დოკუმენტური ფილმი U.S.A. for Africa: The Story of We Are the World.
1985 წლის 10 ივნისს პირველი დახმარება გაიგზავნა ეთიოპიასა და სუდანში, 1987 წლის დეკემბრის თვეში კი, საქველმოქმედო ფონდმა USA for Africa-მ მთელი 91 მილიონი დოლარი მოაგროვა, საიდანაც 54 მილიონი სწორედ სინგლის გაყიდვით მიიღო, რომელმაც მსოფლიო ჩარტების ლიდერობა მოიპოვა და არა მხოლოდ ყველაზე სწრაფად გაყიდვად, არამედ პირველ მულტიპლატინურ სინგლად იქცა პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემდეგ, 2001 წელს ქუინსი ჯონსმა და ლაიონელ რიჩიმ ანალოგიური პროექტი განახორციელეს მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტელების დასახმარებლად, თუმცა ამჯერად სუპერჯგუფმა Artists for Haiti-ის სახელი შეიძინა, სინგლს კი, We Are the World 25 for Haiti ეწოდა.