ბაკურიანში მიმდინარე სნოუბორდისა და ფრისტალისი მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა. დღეს გამარჯვებულები სნოუბორდ კროსის შეჯიბრში გამოვლინდნენ.
ქალთა შორის ოქროს მედალი ჩეხმა ევა ადამჩიკოვამ მოიპოვა. მან დიდ ფინალში მხოლოდ სტარტი წააგო, დანარჩენ სამ დროის ნიშნულზე კი პირველი იყო და ფინიშის ხაზიც პირველმა, საკმაოდ დიდი უპირატესობით გადაკვეთა. მეორე და მესამე ადგილებზე ავსტრალიელი ჯოსი ბაფი და ამერიკელი ლინდსი იაკობელისი გავიდნენ.
ამავე დისციპლინაში ვაჟთა შორის დიდი ფინალი უფრო დაძაბული გამოდგა. ავსტრიელი იაკობ დუშეკი მოწინააღმდეგეებს თითქმის მთელი ტრასის მანძილზე ჩამორჩებოდა, მაგრამ ფინიშის სწორზე მეტოქეების გადასწრება მოახერხა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დროის მეორე ნიშნულზე პირველ ადგილზე მისი თანამემამულე ალესანდრო ჰემერლე იყო, რომელმაც ერთ მომენტში წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. საბოლოოდ, ჩემპიონი დუშეკი გახდა, ვერცხლის მედალი გერმანელმა მარტინ ნოერლმა მოიპოვა, ბრინჯაო კი – იტალიელმა ომარ ვისინტინიმ.