პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება "აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს.