გერმანიაში ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა ქართული გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნება, სადაც ცნობილი ქართველი ხელოვანები მონაწილეობენ. გამოფენის 3 ათასამდე სტუმარი ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ შოუს იხილავს.
„გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
„საქართველოსთვის როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და აწმყოს მქონე ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიაში ვიყოთ მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა. ბერლინში ჩვენს სანახაობას მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატები და საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები დაესწრებიან“,-აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თქმით, ბასა ფოცხიშვილის თაოსნობით მომზადდა მრავალფეროვანი შოუ, სადაც წარდგენილი იქნება ყველა შემოქმედებითი ელემენტი, რომელმაც საქართველოს მსოფლიოში სახელი გაუთქვა.
„იქ იქნება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენთან ერთად სცენაზე მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავი გამოდის. ნინო მაჩაიძე საოპერო სამყაროში და საორკესტრო- სიმფონიურ სამყაროში ლიზა ბათიაშვილი, ასევე ბევრი ჩემი კოლეგა, იცეკვებენ სუხიშვილები. ვფიქრობ ეს ყველაზე კარგი საშუალებაა მოკლე დროში სრული სურათი შეიქმნას, თუ ვინ ვართ, რა გვქონდა და რა გვაქვს და რისი პოტენციალი აქვს საქართველოს“,-ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.