იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქი ვენეცია თავისი არხებითაა ცნობილი, რომელიც ყოველწლიურად უამრავ მნახველს იზიდავს. ამის მიუხედავად, ის ბოლო პერიოდში სულ სხვანაირად გამოიყურება, რადგან ევროპისთვის უჩვეულოდ მშრალმა ზამთარმა არხებში წყლის დაშრობა გამოიწვია.
მედიაში გავრცელებული სურათები გვიჩვენებს, რა გავლენა იქონია ზამთრის სითბურმა ტალღამ და ატმოსფერული ნალექის, ანუ წვიმისა და თოვლის ნაკლებობამ ვენეციაზე. იქ ზოგან წყალი საერთოდ გაქრა, ზოგან კი მისმა დონემ საგანგაშოდ დაიწია ისე, რომ ამ ადგილებში ნავებით გადაადგილება უკვე შეუძლებელია.
ეს, ზოგადად, კონტინენტზე კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენაზე მიანიშნებს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გასულ წელს ევროპაში მკაცრი გვალვები იყო. შედეგად, იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო ახლა უკვე საშუალოზე 61 პროცენტით ნაკლებ წყალს შეიცავს.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ვენეცია მეხუთე საუკუნეში დაარსდა და 118 პატარა კუნძულზეა გაშენებული. ის დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული ქალაქია, მაგრამ ამ სახელის გაგონებაზე ყველას ვიწრო არხები ახსენდება, რომლებშიც ახლა მხოლოდ გუბეებსა და ტალახს თუ დაინახავთ.
წყლის დაშრობამ იქ შენობების საძირკვლები გამოაჩინა, გონდოლები კი პირდაპირ არხების ფსკერზეა მოთავსებული. ამან არა მხოლოდ ტურისტებზე, არამედ მოსახლეობაზეც იქონია გავლენა, რადგან მათთან სასწრაფო დახმარება სწორედ სპეციალური ნავებით მიდიოდა, მაგრამ ისინი ტრანსპორტირების ამ გზას ვეღარ იყენებენ.
საინტერესოა, რომ ვენეცია, როგორც წესი, წყლის არა დაბალ, არამედ მაღალ დონეს ებრძვის ხოლმე, რომელიც ოქტომბრისა და იანვრის თვეებს შორის პერიოდში ფიქსირდება. ამ დროს ქალაქის ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის მთავარი მოედანი, ნაწილობრივ წყლით იფარება.
იქ ახლა წვიმის მოლოდინში არიან, რათა ატმოსფერულმა ნალექმა სიტუაციაა გამოასწოროს და არხებში 2020 წლის ზამთრიდან დაწყებული წყლის კრიზისი ოდნავ მაინც აღმოფხვრას.