„ლა გაზეტა დელო სპორტის““ ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ ქართველ ვარსკვლავს „სტადიო მარადონაზე“ დატოვებს - მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალი“ და პრემიერლიგის გრანდები იჩენენ ინტერესს.
გავლენიანი იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ „ნაპოლი“ მზად არის, 22 წლის ფეხბურთელის აგენტს შეხვდეს, რომელმაც ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო. ამ დროისთვის კვარა სეზონში დაახლოებით 1,7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „ნაპოლიმ“ იცის, რომ მისი ხელფასის გაზრდა დასჭირდება, რათა ნიჭიერი გარემარბი „სტადიო მარადონაზე“ მინიმუმ 2024 წლამდე დარჩეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „ნაპოლი“ ხვიჩას აგენტს 2028 წლამდე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს 2.5 მილიონ ევრომდე გაზრდილი ხელფასით.
„გაძეტა დელო“ სპორტის ცნობით, მადრიდის „რეალი“ და პრემიერლიგის წამყვანი კლუბები ქართველის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ. მათ იციან, რომ შეთავაზება 100 მილიონ ევროზე მცირე არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარტენოპეის რიგებში ათი მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 2027 წლამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.