კომერციული ბანკების მოგება იანვარში, წლიურად დაახლოებით 14 მილიონი ლარით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარში კომერციულმა ბანკებმა დაახლოებით 198 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14 მილიონ 740 ათასი ლარით ჩამორჩება.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ ამ წლის იანვარში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 659 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 536 მლნ ლარზე ცოტა მეტი იყო. წლის პირველი ერთი თვის განმავლობაში კი კომერციული ბანკების ხარჯებმა 428 მილიონ 650 ათასი ლარი შეადგინა.შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ და 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 8.6 მლნ ლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.
აღსანიშანავია, რომ ამ ორმილიარდიანი მოგებიდან 1,8 მილიარდი ორი დიდი ბანკის, თიბისისა და საქართველოს წილად მოდის, რაც ყველა კომერციული ბანკის წმინდა მოგების 90%-ზე მეტია. მართლაც ძალიან საგულისხმო და დამაფიქრებელი მონაცემია. ფაქტია, რომ ფინანსურ სექტორს ძირითადად ორი დიდი ბანკი ინაწილებს, დანარჩენებს კი მათთან თანაბარ პირობებში ყოფნა მხოლოდ რეგულაციებისა და გადასახადების თვალსაზრისით უწევთ, რაც ძლიერს კიდევ უფრო აძლიერებს, სუსტს კი კიდევ უფრო ასუსტებს