საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული ალტერნატივა, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს.
მათივე განმარტებით ეს კანონპროექტები ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას უფლებათა შეზღუდვის „ლეგიტიმურობის ტესტთან“ დაკავშირებით.
„პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ეფექტური ცნობიერების ამაღლების კამპანიების საწარმოებლად. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ამგვარ ინიციატივებს თავად სახელმწიფო უჭერს მხარს. ხაზგასასმელია, რომ სწორედ დონორების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე და შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია შრომის ინსპექციის სამსახურის სახით, რითაც, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ისე, პირთა წრეს, ვისზეც შეიძლება, კანონის მოქმედება გავრცელდეს.
უკიდურესად პრობლემურია, კანონპროექტში თავად ტერმინის „აგენტი“ გამოყენება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და აღნიშნულის გასანეიტრალებლად რიგი პარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები მის განმარტებასთან დაკავშირებით ვერ გამოდგება.
საგანგაშოა კანონპროექტის განზრახვა, „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაცია და შემდგომში მის საქმიანობაზე ზედამხედველობა მიენდოს უშუალოდ გენერალურ პროკურორს ისე, რომ არ ითვალისწინებს არანაირ ჩამკეტ მექანიზმს გენერალური პროკურორის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებული პირის მიმართ ფართო უფლებამოსილებათა განხორციელებისას. გარდა იმისა, რომ ეს ეროვნული კანონმდებლობის არაერთ პრინციპს ეწინააღმდეგება. ძალოვანი სტრუქტურის მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრა მსუსხავ ეფექტს იქონიებს უცხოური ფინანსური დონაციებით მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობაზე. კონტროლი თანამდებობის პირისგან, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, იმთავითვე წარმოშობს ეჭვს საზოგადოებაში, რომ პირი ეწევა კრიმინალურ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას.
გარდა ამისა, კანონპროექტის პუნქტები, რომლებიც ეხება „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებულ პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებასა და მისი გაცნობის წესს, ეწინააღმდეგება ინფორმაციის საჯარო ინფორმაციად ან კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისა და მათი გაცნობის შესახებ უკვე არსებულ რეგულაციებს.
საჯარო ინფორმაციის გაცნობის წესის დადგენის კომპეტენციასაც კი კანონპროექტი გენერალურ პროკურორს ანიჭებს მაშინ, როცა ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამგვარი რეგულირება გენერალური პროკურორის მხრიდან კანონის შერჩევითად გამოყენების რისკს ზრდის. ამასთან, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირისთვის საჯაროობა შესაძლოა ყოფილიყო სუსტი, მაგრამ მაინც დამცავი მექანიზმი.
კანონპროექტის პუნქტები კი, რომლებიც გულისხმობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებულ ორგანიზაციებში დასაქმებული ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების მიწოდებას გენერალური პროკურორისთვის, განუზომლად აძლიერებს ძალოვანი უწყების გავლენის შესაძლებლობას ინდივიდებზე და წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებში არათანაზომიერ ჩარევას.
ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი გამოწვევაა და საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გაუგებარია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის რომელი პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, მით უფრო, რომ განმარტებით ბარათებში ამის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა და საქართველოს პარლამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამავდროულად, მოსახლეობის პრიორიტეტი, არაერთი სოციალური გამოკითხვის თანახმად, მწვავე შრომითი და სოციალური პრობლემების გადაჭრაა, რაც, ასევე, არის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.
პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს და გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად!
ცნობისთვის, 14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. 27 თებერვალს კი ამავე პოლიტიკურმა ძალამ, იმავე საკითხზე, წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი.