ბორჯღალოსნები 33 კაცის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის თანახმად, 8-გუნდიანი ტურნირის ნახევარფინალისტები ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგად გამოვლინდნენ. თასისთვის ოთხი მათგანი აგრძელებს ბრძოლას – „ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალია 4 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 5 მარტს კი „ა“ ჯგუფის გამარჯვებული საქართველო, „ავჭალაზე“, 16 საათზე რუმინეთს დაუხვდება.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გაფართოებულ რაზმში მცირედი ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად შეკრებაზეა სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა, თუმცა თამაშმა არ მოუწია.
9 ნომრის პოზიციაზე მიხეილ ალანიას ნაცვლად ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძეს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან ზაფხულში, ურუგვაისთან ჰქონდა და მას შემდეგ არ უთამაშია.
33 მორაგბიდან 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.
ბორჯღალოსნებს რუმინეთთან ურთიერთ შეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია აქვს. 1998 წლიდან დღემდე, გუნდებმა 26 თამაში (12 შინ, 12 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) გამართეს და 16 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ჯამში გაუტანეს 52 ლელო და 530 ქულა. რუმინელთა ანგარიშზე 36 ლელო და 434 ქულაა.
ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ფინალში 19 მარტს, ჩვენი დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფინალში შეიბმებიან, მესამე ადგილისთვის მატჩი კი იქვე 20:15 საათზე დაიწყება.