ბატონი სააკაშვილისადმი მთავრობის მოპყრობა დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ კლიმატთან, საერთაშორისო რეპუტაციასთან და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, - ამის შესახებ ლორდმა ზაქ გოლდსმითმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს.
„ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან 26 იანვარს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის დროს ისაუბრა ბატონი სააკაშვილის დაკავების შესახებ და ხაზი გაუსვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ შემაშფოთებელ ინფორმაციას. გავაგრძელებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოვლენების მონიტორინგს“, - განაცხადა ლორდმა გოლდსმითმა.
მისი თქმით, სააკაშვილისადმი მთავრობის მოპყრობა დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ კლიმატთან, საერთაშორისო რეპუტაციასთან და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.
ლორდ გოლდსმითს ლორდმა რიჩარდ ჰარისმა დაუსვა შეკითხვა, მიაჩნია თუ არა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია არის საქართველოში განვითარებული მოვლენების ნაწილი. მისი თქმით, საქართველო მიტაცებული აქვს მულტიმილიარდერ ბიზნესმენს, რომელიც აკონტროლებს მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, ისევე როგორც მედიას.
ლორდმა აღნიშნა, რომ ინფორმირებულები არიან რუსეთთან მის კავშირზე გავრცელებული ცნობების შესახებ.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას, ჩვენ გვესმის, რომ ის კერძო მოქალაქეა. მას არ აქვს რაიმე ფორმალური ან იურიდიული როლი საქართველოს მთავრობაში, მაგრამ ჩვენ ინფორმირებულები ვართ რუსეთთან მის კავშირზე გავრცელებული ცნობების შესახებ. ჩვენ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან დავაყენეთ, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ მტკიცედ იცავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს“, - აღნიშნა ლორდმა გოლდსმითმა.