ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, ხმაური იყო.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „გირჩის“ წარმომადგენელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა.
პარლამენტში პარტია „გირჩის“ აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში „ბიბლიურ თავისუფლებაში“ მუშაობდა და ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომ მარტივი გზა ეპოვათ და თავი დაეღწიათ იქიდან, სადაც ერთი წლის განმავლობაში „არა პატრიოტები, არამედ მონები“ იქნებოდნენ. ამ განცხადებას დაეთანხმა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი და განაცხადა, რომ „როდესაც ადამიანს საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშავებ, ეს მონობაა“.
„გირჩის“ წარმომადგენლებს აღნიშნული განცხადების გაკეთება სარჯველაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ ნუ დაუძახებენ მონებს მათ, ვინც სამხედრო სამსახურს ახლაც იხდიან.
„ადამიანებს, რომლებიც ახლა იხდიან სამხედრო სამსახურს, მათ მონად ნუ მოიხსენიებთ. თავი შეიკავეთ ადამიანების შეურაცხყოფისგან. ჩემი კოლეგები ფინეთზე რომ საუბრობენ, იქ გაწვევას ეძახიან და საქართველოში მონობას. არ არის სწორი მონებს უწოდებდეთ მათ, ვინც გადიან სამხედრო სამსახურს კეთილსინდისიერად და იმ სერვისის მომხმარებლები არ არიან, რომელსაც თქვენ სთავაზობთ“,- განაცხადა სარჯველაძემ.
სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თამარ ჩარკვიანი, რომელმაც „გირჩის“ წევრების განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მათგან საუბარი უნდა მიდიოდეს არა ჯარის გაუქმებაზე, არამედ „მაგარი ჯარის“ შეთავაზებაზე.
„იმის მაგივრად, ნორმალურ ჯარს ვთხოვდეთ ხელისუფლებას და რეფორმა მოხდეს, კი არ უნდა გააუქმო ჯარი, მაგარი ჯარი უნდა შესთავაზო და რას ლაპარაკობთ?“ - მიმართა ჩარკვიანმა „გირჩის“ წევრებს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. მათ შორის, ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და გენშტაბის ყოფილმა უფროსმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაიჩიბაიამ.
„შენ გგონია, რომ ვიღაცას „დააკაჩავებ,“ - მიმართა მეგრელიშვილმა ჩაჩიბაიას, რომელმაც შემდეგნაირად უპასუხა: „განახებ, შენ, რა შემიძლია“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა უკვე განახლდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. “თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.
“თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.