ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია იხსნება, რომელზედაც უკრაინის საკითხს განიხილავენ - Palitra News

ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია იხსნება, რომელზედაც უკრაინის საკითხს განიხილავენ

2023-02-27 15:41:54+04:00

ჟენევაში დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია იხსნება, რომლის ფარგლებშიც რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების განხილვა იგეგმება.

სხდომას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გახსნის. სესიის პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, სახელმწიფოსა და მთავრობის 150-მდე მეთაური, მათ შორის შეერთებული შტატების, ჩინეთის, უკრაინის და ირანის წარმომადგენლები, ისაუბრებს.

სესია რეკორდული დროით, ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები მეზობელი ქვეყნიდან.

”გვინდა, ამ სესიამ აჩვენოს, როგორც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აჩვენა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას”, - განაცხადა გაერო-ში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, საიმონ მენლიმ.