მადრიდის ჩრდილო-დასავლეთით, 90 კილომეტრზე მდებარეობს ქალაქი-მუზეუმი სეგოვია და მისი 9 საუკუნოვანი ციხესიმაგრე, რომელიც დანახვისთანავე მოგხიბლავთ.
თავად ქალაქი ორი ათას წელზე მეტია არსებობს. ის თავისი ციხე-კოშკებითა და გოტიკური ტაძრებითაა ცნობილი.
სეგოვიას ისტორიულ ნაწილში, კლდეზე აღმართულია ალკაზარი (ციხესიმაგრე), რომლის ქვეშაც ორი მდინარე ერთმანეთს ერწყმის. ეს სასახლე ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ლამაზ სასახლედ ითვლება.
შუა საუკუნეებში ალკაზარი ორ ფუნქციას ასრულებდა: კასტილიის სამეფოს მტრის თავდასხმებისგან იცავდა და ესპანეთის მეფეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეზიდენცია იყო.
მოგვიანებით, ალკაზარი სახელმწიფო ციხედ გადააკეთეს და ეს ფუნქცია მთელი 200 წელი ატარა. მომდევნო ასი წლის განმავლობაში სასახლეში საარტილერიო სკოლა მდებარეობდა. სწორედ ამ პერიოდში ალკაზარში ხანძარი მოხდა, რომლის დროსაც სახურავი ჩამოინგრა. რესტავრაციის შემდეგ ციხე თავდაცვის სამინისტროს გადასცეს. ალკზარის ზედა სართულებზე სახელმწიფო არქივი განთავსდა, რომელიც დღემდე ამ ადგილზე ინახება.
დღეს ტურისტებს საშუალება აქვთ, რომ ალკაზარის ციხე-სასახლის 11 დარბაზი და უნიკალური ექსპონატები დაათვალიერონ.
ყველაზე პოპულარული სამეფო ტახტის დარბაზია, სადაც ესპანეთის მეფეთა ტახტი დგას.
სასახლეში არის სამეფო დარბაზია ბუხრით, მე-16 საუკუნის ავეჯით და ნახატით, რომელიც ციხეს თავდაპირველ იერს ასახავს. აქვეა გირჩების დარბაზი, რომლის ჭერსაც 392 ხელნაკეთი გირჩი ამშვენებს.
თუ კარგად დააკვირდებით, სასახლის ზოგმა დარბაზმა შეიძლება დისნეის მულტფილმ „ფიფქიადან“ ბოროტი დედოფალი გაგახსენოთ.
მართლაც, ასეა - სეგოვიას ალკაზარმა დისნეის მხატვრებს ყველასთვის ცნობილი მულტფილმის შექმნა შთააგონა და „ფიფქიას“ სასახლის პროტოტიპი გახდა.