დიდი 10-ის მე-14 ტურში, ლიდერების დაპირისპირება უხვქულიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს, საიდანაც 6 სტუმრების, თბილისის ‘ლელო-სარასენსის’ ანგარიშზეა და მათ რუსთავში ‘ხარები’ 42:30 დაამარცხეს.
‘ლელოს’ 14-იდან 11 თამაში აქვს მოგებული, 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ‘ხარებმა’ ქულა ვერ აიღო, ჯამში 44 ქულით მეორე ადგილზეა და მდევარ ‘აიას’ 5 ქულით უსწრებს.
სტუმრებმა ნელ-ნელა უმატეს ტემპს, მეთოდურად მოიპოვეს უპირატესობა და 24-ედან მე-40-ე წუთამდე ხაზით ოთხი ლელო გაიტანეს. მაღალი წნეხის მიუხედავად, ‘ლელომ’ ბურთი შეინარჩუნა და საპირისპირო ფრთაზე შალვა აფციაურამდე ჩაათამაშა, მან ერთი მბოჭავი კონტაქტით მოიცილა, მეორეს გვერდი აუარა და ანგარიში გახსნა. ირაკლი ყიასაშვილის გარდასახვას 34-ე წუთზე ჯარიმით გიორგი პეტრიაშვილმა უპასუხა, თუმცა შესვენებამდე დარჩენილ დროში პრაქტიკულად მატჩის ბედი გადაწყდა.
71-ე წუთზე მოლი ირაკლი ქვათაძის ლელოთი დასრულდა და რომ არა სამი აცილებული გარდასახვა, სხვაობა სტუმრებისთვის სახიფათო გახდებოდა.
‘ლელომ’ შეძლო მცირე შოკიდან გამოსვლა, 75-ე წუთზე მოლის შემდეგ მოკლე ფრთაზე შეუტია და დიტო ბურაიას ლელო ყიასაშვილმა გარდასახა. ბოლო წერტილი მასპინძლებმა დასვეს, როდესაც გურამ ქანდაურაშვილი ლელოში შევიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 42:30 სტუმრების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შალვა აფციაური გახდა.