ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატზე სკი კროსის ფინალი შვედმა სანდრა ნესლანდმა და იტალიელმა სიმონე დერომედისმა მოიგეს.
ხსენებულ დისციპლინაში ქართველი სპორტსმენი დავით თედიაშვილიც გამოდიოდა, მაგრამ ის ასპარეზობას გამოეთიშა.
რაც შეეხებათ გამარჯვებულებს. სკანდინავიელმა სანდრა ნესლანდმა დიდი ფინალი ისე მოიგო, რომ მხოლოდ სტარტზე ჩამორჩა, შემდეგ კი ლიდერობა აღარ დაუთმია.
ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ავსტრიელმა კატრიონ ოფნერმა და შვეიცარიელმა ფანი სმიტმა მოიპოვეს. რაც შეეხება ფინალის მეოთხე მონაწილეს, კანადელ მერილ ტომპსონს, ის უმედლოდ დარჩა.
გაცილებით დაძაბილი იყო ბრძოლა ვაჟთა შორის. თავდაპირველად ლიდერობა ხელთ კანადელმა ჰოუდენმა იგდო, ტრასის მეორე ნახევრიდან კი, მკვეთრად მოუმატა იტალიელმა დერომედისმა და საბოლოოდ, ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.
ხსენებული ჰოუდენი ბოლო ადგილზე გავიდა, ვერცხლის მედალი გერმანელმა ფლორიან უილსმანმა დაისაკუთრა, ბრინჯაო კი შვედ ერიკ მობერგს ერგო.