24 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. სოლიდარობის აქციები მსოფლიოს არაერთ წერტილში გაიმართა, ამასთან მსოფლიოს ათობით ღირსშესანიშნაობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მრავალათასიანი აქცია გაიმართა პარიზში, ბარსელონაში, ლონდონში ჰელსინკიში, ვარშავასა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც.
ევროკავშირის ქვეყნების გარდა, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი დემონსტრაციები მსოფლიოს არაერთ ნაწილში, მათ შორის სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, არგენტინასა და ავსტრალიაშიც, გაიმართა.