იაპონიაში ყოველდღე სხვადასხვა ინტენსივობის ათობით მიწისძვრა ფიქსირდება! ამასთან, ტოკიო და სხვა დიდი იაპონური ქალაქები ცათამბჯენების რაოდენობით მსოფლიოს მეგაპოლისებისგან დიდად არ განსხვავდებინ. როგორ ახერხებენ იაპონელები სეისმოგამძლე შენობების აგებას, რომლებიც ისეთი სიმძლავრის მიწისძვრას უძლებენ, რომლებიც სხვა შენობებს მიწასთან ასწორებს?
დავიწყოთ იმით, რომ შენობა ითვლება სეისმოგამძლედ, თუ მას შეუძლია რიხტერის სკალით 9-ბალიან მიწისძვრას გაუძლოს.
უძველესი სეისმოგამძლე შენობები:
მიწისძვრისადმი მდგრადი სახლები პირველად ძველმა ინკებმა ააშენეს. ეს ინდიელი ტომები მშენებლობის დროს კედლის „მშრალი წყობის“ მეთოდს იყენებდნენ. ეს მეთოდი სამშენებლო ქვების თუ აგურების ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაწყობას და დუღაბის გარეშე შეერთებას ითვალისწინებს. მიწისძვრის დროს ქვები ერთ ადგილზე მოძრაობდნენ, თითქოს ცეკვავდნენ, მაგრამ კონსტრუქცია არ ინგრეოდა.
ცათამბჯენები იაპონიაში:
რაც შეეხება იაპონელებს, ისინი მშენებლობაში სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რომლებიც მუდმივად იხვეწება.
იაპონიაში ცათამბჯენი არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციებისთვის გაღებული ხარკია, არამედ იძულებითი აუცილებლობაც. ქვეყანაში, სადაც 120 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მშენებლობისთვის ვარგისი ტერიტორიების მწვავე უკმარისობაა, ცათამბჯენები უბრალოდ შეუცვლელია.
ქვეყანაში ბევრი შენობაა, რომლის სიმაღლე 100-200 მეტრს აღემატება, ტოკიოს 634-მეტრიანი სატელევიზიო კოშკი კი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა, მაგრამ იაპონიის არქიპელაგის მაღალი სეისმურობა ყველას საკუთარ წესებს კარნახობს: იაპონელი ინჟინრები იძულებულნი არიან მაღალსართულიანი მშენებლობის ტექნოლოგია მუდმივად გააუმჯობესონ.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 2011 წლის მარტში მოხდა, მაგრამ მიწისძვრისადმი მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული ცათამბჯენები არ დაზიანებულა.