არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა. თუმცა ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინის მიმართ.