„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ხნისაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაში ვკითხულობთ. კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% აშენებულია 1961-1990 წლებში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტია რაც აშენდა.
აქვე ვკითხულობთ, რომ ბინების მხოლოდ 26%-ია აშენებულია 2011-2021 წლებში, ხოლო 4% 1991-2010 წლების პერიოდში. ეროვნული ბანკის ანგარიშში საინტერესოა არა მხოლოდ სტატისტიკა, არამედ ანალიტიკური ნაწილიც, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში არსებული ოჯახების 91% საკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ ადგილს, რაზეც გავლენას ახდენს როგორც ტრადიციები, ასევე ურბანიზაცია და ეკონომიკური განვითარების დონე.
აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში, მიუხედავად მოსახლეობის მაღალი შემოსავლებისა, საცხოვრებლის ფლობის მაჩვენებელი დაბალია, სამაგიეროდ მაღალია იპოთეკური სესხებით სარგებლობის მაჩვენებელი.
ანგარიში გვეუბნება, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ პერსპექტივაში საქართველოც მსგავს ტრენდს გაჰყვება მოსალოდნელია, რომ უფრო ნაკლები ოჯახი იცხოვრებს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში და მეტი იჯარით აღებულში. რაც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის, მაგრამ უფრო ინვესტორების მხრიდან, და ნაკლებად უშუალოდ მაცხოვრებლის.