თეო სიხარულიძეს საპატრიარქოს სახელით კვირაში ორჯერ უცხო ადამიანი უკავშირდება და ძვირად ღირებული ხატების შეძენას სთავაზობს. თეო შემოთავაზებაზე ყოველთვის უარს ამბობს, თუმცა 2 დღის წინ კიდევ ერთი, ახალი შემოთავაზებით დაუკავშირდნენ.
გახშირებული სატელეფონო ზარებით შეწუხებულმა პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ მსგავსი აგრესიული მარკეტინგით არაერთი ადამიანია შეწუხებული. ბევრი მათ შემოთავაზებას დათანხმდა და ძვირად ღირებული ხატი შეიძინა. სატელეფონო ზარის მეშვეობით მოქალაქეებს თითქოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, მათ შორის, მოოქროვიულ ბიბლიას სთავაზობენ.
თეომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას მიმართა და მისი ნომრის ბაზიდან ამოღება ითხოვა.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, ამ ადამიანებს საპატრიარქოსთან არანაირი კავშირი არ აქვთ და საკუთარი ბიზნესისთვის იყენებენ საპატრიარქოს და პატრიარქის სახელს.