ავსტრიელი ფსიქოლოგის და ნევროლოგის, ფსიქოანალიზის ფუძემდებლად მიჩნეული ზიგმუნდ ფროიდის ნოვატორულმა ნააზრევმა ადამიანის ბუნებასა და პიროვნებაზე მისსავე სიცოცხლეში გამოიწვია უზარმაზარი რეზონანსი და არაერთგვაროვანი შეფასება. მეტიც, მის ნაშრომებზე, რომელთაც საერთო ჯამში 26 ტომი შეადგინეს, დღემდე ცხარედ კამათობენ მეცნიერები.
ფროიდის მიღწევებს შორის უმთავრესად ე.წ. „არაცნობიერის“ ფსიქოლოგიზაცია და პიროვნების სექსუალური განვითარების სპეციფიური ფაზების გამოყოფა, ოიდიპოსის კომპლექსის თეორიის შემოღება და ადამიანის ფსიქიკაში დამცავი მექანიზმების აღმოჩენა ითვლება, მასვე მიეწერება ფსიქიკის სამკომპონენტიანი სტრუქტურული მოდელის შექმნა („ის“, „მე“ და „ზე-მე“) და ისეთი თერაპევტიული მეთოდების შემუშავება, როგორიც თავისუფალი ასოციაცია და სიზმრის ახსნაა.
მართალია, ფროიდს, რომელმაც ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების საპატიო წევრის, მედიცინის დოქტორის ხარისხი და გოეთეს პრემია დაიმსახურა, თანამედროვე მკვლევართა ნაწილმა „ინტელექტუალი შარლატანი“ უწოდა, მაგრამ სწორედ მისმა სამეცნიერო შრომებმა განსაზღვრეს ფსიქოლოგიის განვითარება და უზარმაზარი გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ მე-20 საუკუნის სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაზე, არამედ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.
სიგიზმუნდ შლომო ფროიდი 1856 წლის 6 მაისს დაიბადა მორავიის პატარა ქალაქ ფრაიბერგში, რომელიც იმ პერიოდში ავსტრიას ეკუთვნოდა, 1918 წლიდან კი, ჩეხეთს შეუერთდა და დღეს მის ისტორიულ რეგიონად ითვლება. სხვათა შორის, შლოსერგრასეს ქუჩა, სადაც ფროიდი დაიბადა დღეს მის სახელს ატარებს.
9 წლის ზიგმუნდმა ერთი წლით ადრე ჩააბარა გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მომავალი მეცნიერი არა მხოლოდ ერუდიციით და ინტელექტით, არამედ მუდმივად ახლის შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენების სურვილით გამოირჩეოდა თანატოლებისგან, რასაც მშობლებიც ამჩნევდნენ და ახალისებდნენ იმ გარემოსა და პირობების შექმნით, რომელიც შვილს ცოდნის მიღებაში დაეხმარებოდა. მეტიც, რვა და-ძმას შორის მხოლოდ მშობლების რჩეულს, უფროს ზიგმუნდს, ჰქონდა ცალკე ოთახი და საკუთარი ნავთის ლამფა, მაშინ როცა მისი და-ძმა მსგავსი უპირატესობით არასდროს სარგებლობდა და გაკვეთილებსაც ყოველთვის სანთლის შუქზე, საერთო მაგიდასთან ამზადებდა.
მცირეწლოვან ზიგმუნდს, რომელიც ყოველთვის ნამდვილ გმირობაზე ოცნებობდა, საკუთარ თავს კი, ხან კართაგენის მხედართმთავრის ჰანიბალის, ხან ინგლისელი სამხედრო მოღვაწის ოლივერ კრომველის რეინკარნაციად მიიჩნევდა, მოხუცმა ბოშამ ადრეულ ბავშვობაშივე უწინასწარმეტყველა აღიარება და მსოფლიო დიდება. მართალია, ზრდასრული ფროიდი იუმორით იხსენებდა მსგავს წინასწარმეტყველებას, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის სჯეროდა საკუთარი უნიკალურობის და იმ განსაკუთრებული მისიის, რომლის შესრულება დაბადებისთანავე დაეკისრა.
მართალია, მშობლიური გერმანულის გარდა, ზიგმუნდი თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურ ესპანურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე, მონდომებით სწავლობდა ბერძნულსა და ლათინურს, მაგრამ გიმნაზიის დასრულების შემდეგ მაინც დიდხანს ორჭოფობდა, რადგან ძალიან გაუჭირდა პროფესიის არჩევა, მით უფრო, რომ მისი სოციალური სტატუსისა და იმ პერიოდში არსებული ანტისემიტური განწყობის გათვალისწინებით არც არჩევანი ჰქონდა მაინცდამაინც დიდი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ავსტრიელ ებრაელებს მხოლოდ სამედიცინო და იურიდიული, კომერციული და სამეწარმეო საქმიანობის უფლება ჰქონდათ.
ზიგმუნდმა, რომელიც არასდროს ინტერესდებოდა მედიცინით იურისპრუდენციაში გადაწყვიტა შესაძლებლობების მოსინჯვა, თუმცა 1873 წელს ყველასთვის მოულოდნელად ჩააბარა ვენის უნივერსიტეტში მედიცინის შესასწავლად. მართალია, ებრაული წარმომავლობის გამო ახალგაზრდა ფროიდი ხშირად ხდებოდა თანაკურსელების აგრესიისა და დამცირების მსხვერპლი, მაგრამ ძლიერი ფსიქიკის პატრონმა სწრაფად გამოიმუშავა თავდაცვის უნარი, რომელიც დაცინვისა და მასხრად აგდების მშვიდად, ემოციების გარეშე მოთმენაში ეხმარებოდა.
ქირურგის დიპლომით ხელდამშვენებულმა ფროიდმა ვენის საერთო პროფილის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, სადაც ცნობილი ექიმი, კათარსიული მეთოდის ფუძემდებელი იოსებ ბრეიერი გაიცნო. სწორედ მასთან ერთად შეუდგა ახლად გამომცხვარი ექიმი ისტერიის მკურნალობას მტკივნეული მოგონებების ჰიპნოზით გახსენების მეთოდით, თუმცა სწრაფად მიხვდა მის უსარგებლობას და სრულიად ნოვატორული - თავისუფალი ასოციაციების მეთოდი შეიმუშავა, რომელიც პაციენტს ყველაფერზე თავისუფლად საუბრის საშუალებას აძლევდა, რაც თავში მოუვიდოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ თავისუფალი ასოციაციების მეთოდის წყალობით თქვა ფროიდმა უარი ჰიპნოზის გამოყენებაზე, რომელიც მოგვიანებით მის ფსიქოანალიზის თეორიასა და ფსიქოანალიტიკურ თერაპიას დაედო საფუძვლად.
სხვათა შორის, თეორია ფროიდმა პირველად საკუთარ თავზე გამოცადა, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ მწვავე ნევროზი განუვითარდა. მართალია, თვითანალიზი მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ მეტად პროდუქტიულ და მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა შემდგომი კვლევებისთვის.
პაციენტების ჰიპნოზით მკურნალობისას ფროიდი სხვებზე ადრე მიხვდა, რომ ადამიანის ტრანსში შეყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უფრო მარტივი იყო, მჯდომარე პოზაში. სწორედ მაშინ გაჩნდა ცნობილი ტახტი, რომელიც მოგვიანებით არა მხოლოდ ფროიდის სავიზიტო ბარათად, არამედ ზოგადად ფსიქოანალიტიკური თერაპიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. მართალია, მეცნიერმა სწრაფად თქვა უარი ჰიპნოზზე ფსიქოანალიზის სასარგებლოდ, მაგრამ უძვირფასესი სპარსული ნოხით დაფარულ ტახტს მაინც ვერ შეელია.
მრავალრიცხოვანი ფობიებითა და კომპლექსებით დატანჯული ზიგმუნდი მანიაკალურად იყო დამოკიდებული თამბაქოზე, რომელსაც 20 წლის ასაკში გაუსინჯა გემო. რა თქმა უნდა, ექიმები ხშირად აფრთხილებდნენ თამბაქოს მავნებლობაზე, თუმცა ფროიდი დარწმუნებული იყო, სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებდა პროდუქტიულობას და შემოქმედებით უნარს. მართალია, 1923 წელს სიმსივნის აღმოჩენის შემდეგ ზიგმუნდმა პრაქტიკულად მთელი ყბა დაკარგა, 16 წლის მანძილზე კი, 30 ოპერაცია გადაიტანა და ვერაფრით შეეგუა მოუხერხებელ პროთეზს, მაგრამ მოწევას მაინც არ დაანება თავი.
1880-იან წლებში ფროიდი იმ პერიოდში ლეგალური, თუმცა ნაკლებად ცნობილი ნარკოტიკით - კოკაინით დაინტერესდა, რომელსაც გერმანელი ექიმები ერთგვარ სტიმულატორად იყენებდნენ დასუსტებული და გამოფიტული ჯარისკაცების სამკურნალოდ. საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით ფროიდმა აღმოაჩინა, რომ კოკაინის მიღება არა მხოლოდ საერთო ფიზიკურ მდგომარეობას, არამედ განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებდა.
აღსანიშნავია, რომ კოკაინს ზიგმუნდი არა მხოლოდ თვითონ მოიხმარდა, არამედ პაციენტებსაც უნიშნავდა, მეგობრებს ურიგებდა და მომავალ ცოლს - მარტასაც სთავაზობდა. ამასთანავე, აქტიურად უწევდა რეკლამას „პრეპარატის“ თერაპევტულ თვისებებს საკუთარ ლექციებსა და ნაშრომებში. თუმცა, როცა ე.წ. „პრეპარატი“ პაციენტსა და ახლო მეგობარს ერნსტ ფონ ფლეიშლ-მარქსოვს დაუნიშნა, რომელიც მორფინზე დამოკიდებულებისგან ცდილობდა გათავისუფლებას, სხვა ნარკომანების მსგავსად მასაც ახალი - კოკაინური დამოკიდებულება გაუჩნდა.
1887 წელს მეცნიერებმა არა მხოლოდ საბოლოოდ გააქარწყლეს მითები კოკაინის, როგორც სამედიცინო პრეპარატის სარგებლობაზე, არამედ ისეთივე მომაკვდინებელი ნარკოტიკების კატეგორიას მიაკუთნეს, როგორიც ოპიუმი და ალკოჰოლია. მართალია, ფროიდმა შეწყვიტა კოკაინის სამედიცინო უპირატესობების პროპაგანდა, მაგრამ პერმანენტულად მაინც მოიხმარდა შაკიკის, რინიტის და დეპრესიის „სამკურნალოდ“.
გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ, ნაცისტებმა სწორედ ფროიდის სახლზე განახორციელეს ერთ-ერთი პირველი თავდასხმა. მართალია, მეცნიერი ყოველთვის ათეისტი იყო, მაგრამ ებრაულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი მაინც მთავარ სამიზნედ იქცა გესტაპოელებისთვის. ქვეყნის დატოვების უფლება ფროიდმა უზარმაზარი თანხის სანაცვლოდ მიიღო, რომელიც რა თქმა უნდა, არ ჰქონდა.
ფსიქოანალიტიკოსმა მხოლოდ მეგობრების, პირველ რიგში ნაპოლეონის შვილიშვილის - მისი მოსწავლისა და პაციენტის პრინცესა მარი ბონაპარტის და იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის, ამერიკის ელჩის უილიამ ბულიტის და პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის წყალობით დააღწია თავი ნაცისტებს, როცა ჯერ პარიზში გაიქცა, მერე კი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ლონდონში გადაიხვეწა. ნაკლებად გაუმართლათ ფროიდის დებს, რომელთაც გერმანელები ტერეზიენშტადტის და ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკებში გაუსწორდნენ.
არ დაინდეს გესტაპოელებმა არც ფროიდის წიგნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ნაშრომებთან ერთად დაწვეს, რადგან ჩათვალეს, რომ მისი ნააზრევი ნაცისტურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ანტისემიტურ გარემოში, ადრეული ბავშვობიდანვე სისასტიკეს ჩვეულ ზიგმუნდს მაინც ვერ დაწყვიტეს გული. მეტიც, მოგვიანებით იხუმრა კიდეც: „სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, შუა საუკუნეებში მე დამწვავდნენ, თანამედროვე სამყაროში კი, მხოლოდ ჩემი წიგნების განადგურებით შემოიფარგლნენ. პროგრესი აშკარად სახეზეა!“ - შენიშნა ფროიდმა, რომლის თითქმის ყველა ოფიციალური დოკუმენტი და გამოუქვეყნებელი ნაშრომი მსოფლიოს უმსხვილეს საცავში - ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება.
ლეგენდარული წიგნი „სიზმრების ახსნა“, რომელზეც ფროიდი მთელი ორი წელი (1897-1899) მუშაობდა და უმნიშვნელოვანეს ნაშრომად მიაჩნდა, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად, რადგან ექვსი წლის მანძილზე გამომცემლობამ მხოლოდ 351 ეგზემპლარის რეალიზება შეძლო, რითაც სრულად გაუცრუა იმედი ავტორს.
არასახარბიელო შედეგის მიუხედავად, ფროიდის საექიმო პრაქტიკა მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ფსიქოანალიზის პოპულარობა მისი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ პერიოდს დაემთხვა. ფროიდი მთელი დღეები პაციენტებს, მეტწილად უცხოურ ელიტას - დიდგვაროვნებასა და ხელოვანებს მასპინძლობდა, ღამეს კი, თეორიულ მუშაობას უთმობდა. 1895-1930 წლებში მეცნიერმა 15 წიგნი გამოსცა, რომელთა შორის განსაკუთრებული მოწონება ნაშრომებმა „გონებამახვილობა და მისი კავშირი არაცნობიერთან“ და „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“ დაიმსახურა.
ფროიდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აღმოჩენად თეორია იქცა ადამიანის არაცნობიერზე. მეცნიერის მტკიცებით, სწორედ არაცნობიერში გროვდება სექსუალური და აგრესიული იმპულსები, რომელთაც მუდმივი კონფლიქტი აქვთ, რათა გავლენა მოიპოვონ ცნობიერზე და განსაზღვრონ ადამიანის ქცევა. მართალია, ამ და სხვა აღმოჩენების წყალობით მეცნიერი 32-ჯერ იქნა ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მაინც ვერ გახდა.
პირის ღრუს სიმსივნით დატანჯულმა ფროიდმა, რომელმაც ჩვეულ ენთუზიაზმთან ერთად ცხოვრების ინტერესიც დაკარგა, 1939 წლის 21 სექტემბერს მეგობარ ექიმს მაქს შურს მიმართა ევთანეზიის თხივნით და შეახსენა რომ რამდენიმე წლით ადრე სწორედ ის შეჰპირდა ტკივილისგან გათავისუფლებას და თვითმკვლელობაში დახმარებას, „ახლა ჩემი ცხოვრება მხოლოდ ტანჯვაა, რომელსაც არანაირი აზრი აღარ აქვს“, - შენიშნა ფროიდმა, მისმა ქალიშვილმა კი, უფლება მისცა მამის მეგობარს მისი უკანასკნელი სურვილის ასრულებისა. ერთ-ერთი პირველი ევთანეზიისთვის შურმა მორფის საკმაოდ დიდი დოზა გამოიყენა, რომელმაც 83 წლის, ისედაც დასუსტებული ფროიდის გულის გაჩერება გამოიწვია.