ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომელმაც ერთი მხრივ სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, მეორე მხრივ კი სამართლიანი კონკურენცია შექმნას. ერთი შეხედვით, ფასების რეგულირება და ჯანსაღი კონკურენცია, ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებაა, თუმცა ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ შეისწავლეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ დირექტივა, რომლის საფუძველზეც მოამზადეს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი უკვე საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.
რაც უკვე ცნობილია, დარეგულირდება გადასახადის ვადები მიმწოდებლებისთვის, მათ შორის მარკეტინგული ხარჯების პირობები, ასევე, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება მოხდება, დარეგულირდება ე.წ. დამატებითი რეტრო ბონუსების საკითხი, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხები და სხვა. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ კოპანიების მიერ დაწესებულ მოგების მარჟებში აისახება, რაც გასაყიდ პროდუქციას მნიშვნელოვნად აძვირებს. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა იმპორტიორის, დისტრიბუტორისა და სავაჭრო ქსელის ურთიერთობასა და თამაშის წესებს კანონი დაარეგულირებს, მაღალი მოგების მარჟებით თავის გადაზღვევა ბიზნესს აღარ მოუწევს და მომხმარებელიც სურსათზე უფრო ოპტიმალურ ფასს მიიღებს.
მეტიც, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ფასები სურსათზე კანონის ძალაში შესვლამდეც დაიკლებს. ამის მოლოდინს კი ვფიქრობ ნავთობიმპორიორების ქცევა უჩენს, რომლებმაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ფასები საწვავზე უკვე სამჯერ შეამცირეს.
როგორც ჩანს, კონკურენციის სააგენტოს მოკვლევას, ფასების დაწევა ამჯობინეს.
როგორ აპირებს მთავრობა სურსათზე ფასების რეგულირებას? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია