რა მოცულობის თანხა აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ბანკებში დეპოზიტებზე - მაჩვენებელი წლიურად თითქმის 272%-ით გაიზარდა. სებ-ის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2 მილიარდ 793 მილიონ ლარზე მეტის დეპოზიტები. აქედან, მიმდინარე ანგარიშებზე 534 მლნ ლარზე მეტი, სხვა მოთხოვნამდე დეპოზიტებზე კი 1,5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო ვადიან დეპოზიტებზე 659 მლნ ლარზე მეტი.
რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ქონდათ დაახლოებით 751 მილიონი ლარის დეპოზიტები, რაც გასული წლის მონაცემზე სამჯერ ნაკლებია.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, რუსეთის მოქალაქეების იმ ანგარიშების რაოდენობა, რომელზეც დაფიქსირდა დადებითი ნაშთი 182 ათასს აჭარბებს.