საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა.
„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ქერიმ ვალიევი მასპინძლობს. გენერალურ შტაბში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი გეგმები დასახეს. საუბარი საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დელეგაციის წევრები საბრძოლო ოპერაციების ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.