ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ამავე დროს, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან.
გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის მისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში გაცვალოს.
როგორც გიორგი გახარია აცხადებს, მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა თხოვნით, რომ მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ.