NBA | ლებრონის პირველი მარცხი ALL STAR-ის განახლებულ ფორმატში - Palitra News

NBA | ლებრონის პირველი მარცხი ALL STAR-ის განახლებულ ფორმატში

2023-02-21 10:10:43+04:00

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 72-ე „ოლ სთარის“ შეხვედრა "იუტა ჯაზის" მოედანზე გაიმართა.

ლებრონ ჯეიმსი დამარცხებული (პირველად) და ტრავმირებულია, ჯეისონ ტეიტუმმა რეკორდი დაამყარა, ხოლო ლუკა დონჩიჩმა კი ისევ ცოტა ჩააგდო - ეს NBA-ს რიგით 72-ე ოლ სტარის მოკლე შეჯამებაა.

იანის ანტეტოკუნმპოს გუნდმა ლებრონ ჯეიმსის გუნდი ანგარიშით 184:175 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ოლ სტარის თამაშზე გუნდებს კაპიტნები ირჩევენ, ლებრონმა პირველად წააგო! აქამდე ლებრონს 5 მსგავსი შეხვედრა მოგებული ჰქონდა, ამჯერად კი, სოლტ ლეიკ სიტიში გამართულ მატჩში იანისის გუნდი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

წელს პირველად მოხდა ისე, რომ კაპიტნებმა გუნდები უშუალოდ თამაშის დაწყების წინ, LIVE-დრაფტზე დააკომპლექტეს - საკმაოდ კარგი სანახაობა გამოვიდა.

ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, მეორე ნახევარში კი პარკეტზე თითის ტრავმის გამო აღარ გასულა. ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ ტეიტუმმა დააგროვა - ბოსტონის სუპერვარსკვლავმა 55 ქულა ჩააგდო და ამით ენტონი დევისის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 2017 წელს 52 ქულა ჰქონდა.

ლუკა დონჩიჩს, რომელიც ლებრონ ჯეიმსმა აირჩია, ბევრი ქულა არ ჩაუგდია - მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში დიდი ყურადღებით არცერთი გუნდი არ თამაშობდა. სლოვენიელმა 19 წუთში სულ რაღაც 4 ქულას მოუყარა თავი.

ცნობისთვის, ლებრონ ჯეიმსისთვის ეს მე-19 ოლ-სტარი გახლდათ, რითაც ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გაიმეორა. მისგან განსხვავებით, ლებრონს ოლ-სტარზე ზედიზედ 19-ჯერ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლებრონმა აბდულ-ჯაბარის ისტორიული რეკორდი დაამხო, როცა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.