„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტით ხელისუფლება უცხოურ ფულს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის სამოქალაქო სექტორს და მედიას.
როგორც სამნიძემ „პალიტრანიუისის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, „ხალხის ძალის“ მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტს რუსული კანონპროექტი ჰქვია.
„ეს არის პუტინის კანონი და პუტინის გზა. ეს გზა გავლილი აქვს უკვე რუსეთს და იგივე გზა გველის ჩვენ.
ხელისუფლება დიდი ხანია მიზანმიმართულად თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მედიას, ეს არის ორი სივრცე, სადაც ჯერჯერობით გვაქვს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მთავარი არგუმენტი, რაც ხელისუფლებისგან გვაქვს არის გამჭვირვალობა. ყველა ხარჯი გამჭვირვალეა, რომელსაც რომელიმე არასამთავრო ორგანიზაცია ან მედია იღებს საერთაშორისო მხარდაჭერით.
„ქართული ოცნება“ უცხოურ ფულს არ ებრძვის, რადგან უცხოური ფულით ასევე ბიუჯეტი ფინანსდება. ებრძვის სამოქალაქო სექტორს და მედიას და არავინ სხვას. „ქართული ოცნება“ დიდი ხანია თამაშობს, რომ ეს არის „ხალხის ძალის“ ინიციატივა. იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ ეს არის რუსული კანონი და იციან, რომ პარტნიორები იტყვიან, რომ ეს არის წითელი ხაზი ევროპულ გზაზე“, - განაცხადა სამნიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი, პანდემიის პერიოდში, ვერ გადარჩებოდა რომ არა უცხოური მხარდაჭერა და ფინანსები.
„დღესაც ჩვენი ბიუჯეტი დამოკიდებულია უცხოურ გრანტებზე და სესხებზე. ამიტომ, „ქართული ოცნება“ ფულს კი არ ებრძვის, არამედ სამოქალაქო სექტორს და მედიას“,- აღნიშნა სამნიძემ.
ამასთან, მან ისაუბრა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან პარტნიორებისთვის „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ბუნდოვანი და ნაკლებად მკაფიო, რომ საქართველო არის უკრაინის მხარეს.
„როგორც კი დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ბუნდოვანი განცხადებები, პარტნიორები ჩვენც გვეხმიანებოდნენ, მათაც ეხმიანებოდნენ და საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა, რომ საქართველოს მკაფიო განცხადებები სჭირდებოდა. თანდათანობით, ეს განცხადებები გამწვავდა და ვნახეთ არადიპლომატიური განცხადებებიც, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და აზიანებს ქვეყნის იმიჯს. მიუხედავად მწვავე განცხადებისა ვხედავთ მაღალი დონის ვიზიტებს. ეს არის დასტური, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ ჩვენი ქვეყნის ასე მარტივად მიტოვებას“, - განაცხადა სამნიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომ უკრაინის ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.
სამნიძის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტმა მწყობრიდან გამოიყვანა ზახაროვა.
მისივე თქმით, მსგავსი გზავნილებით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე.
„ეს ტონი, ღვარძლი, შინაარსი პირდაპირ უკავშირდება ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტს. როგორც ჩანს, ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა მწყობრიდან გამოიყვანა ქალბატონი ზახაროვა. ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია.
მე შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რაც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა, მსგავსი გზავნილებით გამოირჩეოდა. ძალიან სამწუხაროა, ის რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბანს აძლევს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები“, - განაცხადა სამნიძემ.