თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. 31 წლის შემტევი ნახევარმცველი გაგრაში დაბრუნდა, რომელიც მისთვის მშობლიური გუნდია.
ოქრიმ კარიერა სწორედ იქ დაიწყო. ამჯერად, ის გაგრას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, როდესაც ნიქოზიის აპოელი დატოვა, უკლუბოდ იყო. ივლისში ის ახლოს იყო სამხრეთკორეულ ჩონბუკში ტრანსფერთან, რაც თავიდან ოფიციალურად დადასტურდა კიდეც, მაგრამ რამდენიმე დღეში აზიელებმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილი გაგრაში 2009-2010 წლების სეზონში თამაშობდა და 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. შემდეგ მან დონეცკის შახტარში გააგრძელა კარიერა, რის შემდეგაც ილიჩევეცში, ჩერნომორეცში, გენკში, ეშკიშეჰირსპორში, კრასნოდარში, ანორთოსისსა და აპოელ-ში ითამაშა. საქართველოს ნაკრებში ოქრის აქტივში 50 მატჩი და 13 გოლია.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ლიგა ამ კვირის ბოლოს დაიწყება. პირველ ტურში, 26 თებერვალს, გაგრა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებს.