"მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხიდან განცხადებას ავრცელებს.
"კოვიდი გადავიტანე, პირველად დამემართა. მარტივად ჩაიარა. მადლობა აცრას. გარესამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ დღეს შევძელი და რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო:
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ ადამიანს. ხელოვნება, თუ ჩარჩოდან არ გამოდის, მხოლოდ ხელოსნობაა. წარმატებები სანდრო სულაბერიძეს!
გელათი ინგრევა. წერტილი. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილმა დატესტოს, ეროვნული სენტიმენტები როგორ მუშაობს. ბოლო-ბოლო, მოხსნიან და "ხალხის ძალის" ლიდერად დანიშნავენ. გელათს რა მოუვა, ნამდვილად არ ადარდებს.
სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები. ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშას მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს. "ფორმულასაც" დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს "რა? სად? როდის?" კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის. მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში... მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს - კრიტიკულ მედიას! მინდა მივმართო "ფორმულელებს": საფრთხე უკიდურესად რეალურია, მაგრამ თუ სასოწარკვეთას მიეცემით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს ივანიშვილი საწადელს. საფრთხეს უპასუხეთ თქვენი მობილიზაციით, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და თავხედური გამბედაობით! ეს არის "ფორმულა"!
"მთავარარხელებო"! ძალიან მომენატრეთ და ძალიან მეამაყებით! დიდი გაჭირვება გვიდგას და ასეთ დროს ჩვენი შიდა ერთიანობაც მნიშვნელოვანია და ჩვენი კოლეგების - "ტვ პირველის", "ფორმულას" და "კავკასიის" გვერდში დგომაც! დღეს არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენს ერთიანობაზე და გვერდში დგომაზე აღმატებულია!
წარმატებები ყველას,
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან", - წერს ნიკა გვარამია.