ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ე.წ. „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება. „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში, სავარაუდოდ, 7დან 10 დღემდე დარჩება.
ბჟანიას რუსულ ვოიაჟს საქართველოსთვის დამაზიანებლად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ წრეებში. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას შეფასებით, რუსეთი ამზადებს საქართველოს ანექსიას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებით, რა მიზნითაც დაიწყო შეხვედრების ორგანიზება და აქტიური მოლაპარაკებები მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან ალან გაგლოევთან.
ქართული ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს.