მეცნიერებმა მინი ვერსია შექმნეს ხელსაწყოსი, რომელიც ლაზერისა და მას სპექტრომეტრის დახმარებით ორგანულ ნაერთებს აფიქსირებს. ის შესაძლოა, მომავალში მზის სისტემაში არსებულ პლანეტებზე სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმაროს.
მოწყობილობა ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკადების მქონე ლაზერსა და ანალიზატორს აერთიანებს, რომელიც Orbitrap-ის სახელითაა ცნობილი. პირველით ის შესასწავლი მასალის მცირე რაოდენობას აორთქლებს, რის შედეგადაც ნიმუშიდან მოლეკულები თავისუფლდება, რომლებიც ისე იონიზდება, რომ არ განადგურდეს.
მისი შემადგენლობა მეორე კომპონენტით, Orbitrap-ით, ანალიზდება, რომელიც იონიზებულ მოლეკულებს ელექტროდის გარშემო ერთგვარ ორბიტაზე აქცევს. მათგან წარმოქმნილი ელექტრული სიგნალი მას სპექტრად იქცევა, რომლის შესწავლითაც მეცნიერებს მოლეკულათა იდენტიფიცირება შეუძლიათ.
ხელსაწყოს ორივე კომპონენტი ორგანული მატერიის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. მათ შორისაა სიცოცხლის "საშენი მასალა", ანუ ცილები და ამინომჟავები. შესაბამისად, ზემოხსენებული მოწყობილობა პლანეტათაშორისი მისიების დროს სხვა ციურ სხეულებზე სიცოცხლის კვალის დასაფიქსირებლად ეფექტიანი იქნება. მაგალითად, მარსზე, რომელსაც ამ მხრივ NASA-ს მავალები Curiosity და Perseverance იკვლევს.
ამის მიუხედავად, ის აქამდე მსგავს მისიებში არ გამოუყენებიათ, რაც მისი დიდი ზომითაა განპირობებული. მას, როგორც წესი, ლაბორატორიებში შეხვდებით, მაგრამ კოსმოსში ასეთი ხელსაწყოს გაგზავნა რიგ პრობლემებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა მინი ვერსია შექმნეს, რომელიც 100 კილოგრამზე მეტის ნაცვლად, სულ რაღაც 7.7 კილოგრამს იწონის და საჭირო ფუნქციებსაც ჩვეულებრივ ასრულებს.