ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, ოთხოქტავიანი დიაპაზონის და ურთულესი ვოკალური ტექნიკის მფლობელმა სტივი უანდერმა, რომელიც მუსიკალურმა ექსპერტებმა ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტად დაასახელეს, არა მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მუსიკის განვითარება განსაზღვრა, არამედ თანამედროვე სოულისა და R’n’B-ს ფუძემდებლადაც იქცა. ამასთანავე, მულტიინსტრუმენტალისტი უანდერი, რომელმაც გასულ წელს 72-ე დაბადების დღე აღნიშნა, ვირტუოზულად უკრავს როიალსა და ყველა ტიპის სინთეზატორზე, დრამზე, კლარნეტსა და ჰარმონიკაზე, მის მიერ შექმნილი 2 ათასი კომპოზიციიდან კი, 30 ჰიტად იქცა და ლიდერის პოზიცია მოიპოვა ამერიკულ ჩარტში.
მომავალმა მუსიკოსმა ჯერ კიდევ ჩვილობაში დაკარგა მხედველობა მედიკოსების დაუდევრობით. ვადაზე ადრე დაბადებული სტივი, რომელიც დღენაკლულებისთვის ჩვეული დაავადებით - რეტინოპათიით იტანჯებოდა, ექიმებმა ინკუბატორში მოათავსეს და საჭიროზე მეტი მოცულობით მიაწოდეს ჟანგბადი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა და საბოლოოდ დააბრმავა.
მშობლების დაშორების შემდეგ 4 წლის სტივი დედასთან და ხუთ და-ძმასთან ერთად დეტროიტში გადაბარგდა. დედა, რომელიც შიშობდა, რომ უსინათლო სტივი სასტიკ სამყაროში დაიჩაგრებოდა, მაქსიმალურად ერიდებოდა მის ქუჩაში გაშვებას და ჯერ ბრაილის შრიფტით კითხვა, მერე ჰარმონიკასა და დრამზე დაკვრა ასწავლა, ბოლოს კი, საეკლესიო გუნდს მიაბარა, რათა სხვა ბავშვებთან შესძლებოდა ურთიერთობა.
სტივის ტალანტი პირველმა ხმისჩამწერი კომპანიის Motown Records-ის ხელმძღვანელმა ბარი გორდიმ აღმოაჩინა, რომელიც ისე მოიხიბლა ვუნდერკინდის ვოკალური შესაძლებლობებით, რომ დაუფიქრებლად შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება. ამასთანავე, სწორედ გორდიმ უწოდა 11 წლის სტივლენდ ჰარდუეი მორისს „მერვე საოცრება“ (Eighth Wonder), რაც მოგვიანებით მის ფსევდონიმად იქცა.
მართალია, სადებიუტო ჩანაწერებში, რომელთაც ინსტრუმენტული ნაწარმოებები გააერთიანეს ჰარმონიკასა და დრამზე შესრულებული სოლო პარტიებით, აშკარად გამოიკვეთა დამწყები მუსიკოსის ტალანტი, მაგრამ 1962 წელს გამოსულმა ორმა ალბომმა, მაინც ვერ დაიმსახურა მსმენელის მოწონება. პირველი ნამდვილი ჰიტი Fingertips, რომელმაც R&B-ჩარტი დაიპყრო, უანდერმა 13 წლის ასაკში ჩაწერა, ერთი წლის შემდეგ კი, უილიამ აშერის ფილმში „კუნთები პლიაჟზე“ შეასრულა კამეო და პუბლიკას ახალი კომპოზიციები Happy Street და Happy Feelin წარუდგინა.
1960-იანი წლების მეორე ნახევარში უანდერმა რამდენიმე ჰიტი, მათ შორის ბობ დილანის სიმღერის Blowin' in the Wind ქავერ-ვერსია გამოუშვა და კომპოზიცია Tears of a Clown შექმნა, რომელიც სმოკი რობინსონისა და ჯგუფის The Miracles-ს შესრულებით იქცა მსოფლიო ჰიტად. მართალია, 1968 წელს უანდერმა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა და ფსევდონიმით Eivets Rednow გამოუშვა ამავე სახელწოდების ალბომი, მაგრამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა.
უანდერის შემოქმედების გარდამავალი ეტაპი 1970 წელს გამოსული ალბომით Where I’m Coming From iqca აღინიშნა. მუსიკოსმა არა მხოლოდ ყველა სიმღერის ტექსტის დაწერა დამოუკიდებლად, არამედ არანჟირება და პროდიუსერობაც საკუთარ თავზე აიღო. ერთი წლის შემდეგ კი, კონტრაქტის გაუქმება მოინდომა Motown-თან, რომელიც მისივე განცხადებით თავისუფლებას უზღუდავდა, თუმცა გორდი სწრაფად მიხვდა, რომ კომპანიის ყველაზე წარმატებულ მუსიკოსს კარგავდა და 21 წლის უანდერს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა მისთვის ხელსაყრელი პირობებით.
Motown-ს სტივი 1972 წელს დაუბრუნდა კონცეპტუალური ალბომით Music Of My Mind, რომლითაც არა მხოლოდ ე.წ. „კლასიკური პერიოდი“ დაიწყო მის შემოქმედებაში, არამედ სრულფასოვან მხატვრულ განაცხადადაც იქცა. წინამორბედებისგან ახალ ალბომს პირველ რიგში ჟღერადობა განასხვავებდა, კომპოზიციების უმეტესობა კი, რომელთა ტექსტი და მუსიკა იდეალურად ერგებოდა ერთმანეთს, მთელი 6-8 წუთი გრძელდებოდა. საინტერსო აღმოჩენად იქცა სიმღერები Superwoman და Happier Than The Morning Sun, რომლებიც თავისი რთული ფორმით - განსხვავებული ტემპისა და რიტმის ორნაწილიანი სტრუქტურით პრაქტიკულად აკადემიურ მუსიკას გაუტოლდა.
ამასთანავე, კომპოზიციებში, რომლებიც მუსიკოსმა თავად შექმნა, ტრადიციულ რომანტიკულ თემებთან ერთად, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებიც მწვავედ გააჟღერა. უანდერმა აქტიურად დაიწყო ახალი მუსიკალური ტექნოლოგიების გამოყენება, ხმის, ინსტრუმენტული პარტიებისა და ბექ-ვოკალის დუბლირება, რამაც ალბომის პრაქტიკულად დამოუკიდებლად ჩაწერის საშუალება მისცა. მუსიკოსმა თავად შეასრულა ყველა ვოკალურ პარტია, პოლიფონიური ბექ-ვოკალის მეტად საინტერესო პალიტრა შექმნა და პირველად აქცია ჩანაწერის სრულფასოვან მონაწილედ სინთეზატორი, რომელსაც მანამდე არასდროს იყენებდნენ შავკანიანი მუსიკოსები.
1972 წელს უანდერმა კიდევ ერთი ალბომი Talking Book გამოუშვა, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა მუსიკალური ექსპერტების ჩათვლით. ალბომის სუპერბესტსელერად კომპოზიციები You Are The Sunshine Of My Life და Superstition იქცა, რომელიც დღეს ფანკ-მუსიკის კლასიკად, როკის ელემენტების წყალობით კი, უანდერის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ნამუშევრად ითვლება.
სწორედ ალბომის Talking Book-ის წყალობით მოიპოვა უანდერმა Grammy-ის სამი პრემია, რომელთა რიცხვმა 2006 წელს 25-ს მიაღწია და უანდერი მუსიკალური პრემიის რეკორდსმენად აქცია. 2003 წლს Talking Book პოპულარული ჟურნალის Rolling Stone-ის ყველა დროის 500 უდიდესი ალბომის ნუსხაში შევიდა 90-ე პოზიციით, კომპოზიციების ქავერ-ვერსიები ამავე ალბომიდან კი, ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს, როგორიც ქუინსი ჯონსი, ჰერბი ჰენოკი, ფილ კოლინზი და ჯორჯ მაიკლია.
უანდერის ბოლო სტუდიურმა ალბომმა A Time to Love, რომელიც 2005 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა, არა მხოლოდ მეხუთე პოზიციიდან აიღო სტარტი ამერიკულ პოპ-ჩარტში, არამედ 169 ათას ეგზემპლარად გაყიდულმა Grammy-ის მორიგი პრემიაც დაიმსახურა მამაკაცის საუკეთესო პოპ-ვოკალის ნომინაციაში.
ჯერჯერობით უკანასკნელი ოფიციალური საკონცერტო ალბომი კი, რომელიც ლონდონში O2 არენაზე გაიმართა, 2008 წელს გამოიცა და მეტწილად უანდერის კომპოზიციები გააერთიანა, თუმცა ალბომში შევიდა მაილს დევისის All Blues, ჩაკ ბერის Spain, და პოპური Beatles-სა და Rolling Stones-ის სიმღერების მოტივებზე.