საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, კარსმომდგარი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 23 და 26 თებერვალს ჩვენს გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ისტორიულ შედეგს მიაღწევს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.
საქართველო 23 თებერვალს, ქალაქ ალმერეში ნიდერლანდებს შეხვდება, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება და 26 თებერვალს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პირდაპირ გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა არსებობს შანსი (თუ უკრაინა 23 თებერვალს იტალიაში წააგებს), რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ისლანდიასთან გამარჯვებამაც იკმაროს, თუმცა ეს მხოლოდ ვარიანტია და რეალურად ნაკრების არც ერთი წევრი არაა სხვა ანგარიშის იმედად. საქართველოს ნაკრების ერთადერთი გეგმა ორივე თამაშის მოგება და მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ძალებით, დამაჯერებლად გასვლაა.
საქართველოს ნაკრები არსებულ რეალობაში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძეშენგელიას ამბავი ცალკე სათქმელია. ევროლიგაში თამაშის მიუხედავად, თორნიკე ყოველთვის მოდიოდა ნაკრებში სათამაშოდ და ახლა, როცა თამაშების გრაფიკი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, ის მაინც გუნდში იქნება. შენგელია 4 დღის განმავლობაში 3 მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებს შორის ის 24 თებერვალს ევროლიგაში, ვირტუსის მაისურით ბასკონიას წინააღმდეგაც ითამაშებს. ანუ 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ 25 რიცხვში არ მოუწევს შენგელიას მოედანზე გასვლა, რაც თანამედროვე კალათბურთში უპრეცედენტოდ დატვირთული გრაფიკია და ცხადია, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიულ მიჯნაზე ყოფნითა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგების სურვილით არის განპირობებული.