საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს.
როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივმა მოძრაობამ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა.
„ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ .
აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე, გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.
სწორედ ამიტომ „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.