ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა და სალომე სამადაშვილმა „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, რომელიც თავდაცვით ომს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ აწარმოებს. კანონპროექტით შემოფარგლულია დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მოქალაქის გაწევრიანება და სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში სამსახური მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არ გახდება. დროის ეს მონაკვეთი განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მთელი პერიოდით და მისი დასრულების შემდეგ ერთი წლის ვადით. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კვლავ დარჩება სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს გარემოება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდება.