ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით ზრდის - ინფორმაციას შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
ლოიდ ოსტინის განცხადებით, სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გამოხმაურება მოყვა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.