ნებისმიერი, ვინც ტელევიზორს უყურებს ან ინტერნეტით სარგებლობს, კარგად იცის, რომ ჯეიმი ოლივერი არა მხოლოდ ბესტსელერად ქცეული კულინარული წიგნების ავტორი და პოპულარული შოუს „შიშველი მზარეულის“ (The Naked Chef) ვარსკვლავი, არამედ სწორად კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზატორი, წარმატებული რესტორატორი, ბიზნესმენი და უბრალოდ ხუთი შვილის ბედნიერი მამაა, თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შეძლებული შეფ-მზარეული ბავშვობაში დისლექსიით იტანჯებოდა, კატასტროფულად დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო კი, საშუალო სკოლის პროგრამის დაძლევაც გაუჭირდა.
მომავალი შეფ-მზარეული 1975 წლის 27 მაისს დაიბადა ესექსის საგრაფოს სოფელ კლავერინგში, თუმცა ბავშვობა კემბრიჯში გაატარა, სადაც მისმა მშობლებმა - ტრევორმა და სალი ოლივერებმა პატარა პაბ-რესტორანი შეიძინეს და მეტად უჩვეულო სახელი „კრიკეტის მოთამაშე“ დაარქვეს.
ჯეიმის, რომელიც ადრეული ასაკიდანვე იტანჯებოდა დისლექსიით, ძალიან უჭირდა წერა-კითხვა და სკოლაში სწავლა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მხოლოდ ორ დისციპლინაში - შრომასა და ბიოლოგიაში ჰქონდა დამაკმაყოფილებელი ნიშანი. თუმცა, ცელქი ოლივერი ნაკლებად იზიარებდა პედაგოგების წუხილს და მუდამ ხალისიანი, გასართობად განწყობილი ყოველდღე ახალი ოინებით ახსენებდა თავს საუნივერსიტეტო ქალაქის ინტელექტუალ ბინადრებს.
10 წლის ჯეიმიმ, რომელიც ხშირად ეჯიბრებოდა Cricketer-ის სტუმრებს ლუდის სმაში, ერთ მშვენიერ დღეს ბომბი ააფეთქა პაბში. რა თქმა უნდა, ოლივერის მორიგი ხუმრობა მსხვერპლისა და ზარალის გარეშე დასრულდა, რადგან თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მხოლოდ ხმაურით დააფრთხო კლიენტები, მაგრამ ჯეიმი მაინც დაისაჯა, „პაბის მუდმივი კლიენტი გამიბრაზდა, ძალიან შეეშინდა და ბევრი იყვირა, თუმცა თვითონვე შერცხვა და მეორე დღეს აკვარიუმი მომიტანა საჩუქრად“, - წლების შემდეგაც დაუფარავი ხალისით გაიხსენა ოლივერმა.
მეზობლების ჩივილით მოქანცულმა მამამ მცირეწლოვანი ხულიგნის მორჯულება და მისი ოჯახურ რესტორანში დასაქმება გადაწყვიტა, თუმცა მისტერ ოლივერს წარმოდგენაც არ ჰქონდა, სწორედ ის გადაწყვეტდა შვილის ბედს და წარმატებულ მომავალს.
ოლივერი, რომელიც მანამდე ნაკლებად ინტერესდებოდა კულინარიით, სწრაფად გაშინაურდა სამზარეულოში. 7 წლისას ბოსტნეულის დაჭრა მიაბარეს, 10 წლისამ მარტივი კერძების მომზადება სცადა, 3 წლის შემდეგ კი, პირველად შეცვალა მზარეულის თანაშემწე, რომელიც მოულოდნელად გახდა ავად.
მართალია, მშობლები ყოველთვის სოლიდურად უნაზღაურებდნენ შვილს მონდომებას, მაგრამ ბევრად ძვირფასი აღმოჩნდა ის გამოცდილება, რომელიც ჯეიმიმ პროფესიონალ მზარეულებთან შეიძინა და რაც მთავარია, საყვარელ საქმეს მიაგნო, რადგან ერთის მხრივ, ძალიან მოსწონდა, მეორეს მხრივ, ბრწყინვალედ გამოსდიოდა კერძების მომზადება.
სხვათა შორის, 1989 წელს მეგობართან, მომღერალთან და კომპოზიტორთან ლი ჰაგერვუდთან ერთად 14 წლის ჯეიმიმ საკუთარი როკ-ჯგუფი Scarlet Division შექმნა და ისე გაიტაცა დრამზე დაკვრამ, რომ სერიოზულად დაფიქრდა მუსიკოსობაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც კულინარიამ სძლია, მუზიცირებას კი დღემდე აგრძელებს მეგობრების თხოვნით და საკმაოდ კარგადაც გამოსდის, რადგან 2000 წელს ჯგუფის სინგლი Sundial 22-ე პოზიციამდე დაწინაურდა ბრიტანულ ჩარტში.
16 წლის ოლივერი, რომელსაც არც უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად აღმოაჩნდა საჭირო უნარები, მხოლოდ ხალასი იუმორისა და მუდამ პოზიტიური განწყობის წყალობით ჩაირიცხა ვესტმინსტერის საზოგადოებრივი კვების კოლეჯში. სწორედ უშუალობითა და კომუნიკაბელურობით დაიმსახურა ჯეიმიმ პედაგოგების კეთილგანწყობა, რომლებიც დიდხანს და დაჟინებით ცდილობდნენ კლასიკური კულინარიის საფუძვლების სწავლებას, თუმცა ნოვატორი და ბუნტისთავი მზარეულისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მოძველებული ტრადიციები.
სტაჟირება ოლივერმა საფრანგეთში გაიარა, დაბრუნებულმა კი, ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში Neal’s Yard-ში დაიწყო კონდიტრად მუშაობა და სწორედ იქ გაიცნო გამოცდილი შეფ-მზარეული ჯენარო კონტალდო, რომელმაც არა მხოლოდ იტალიური სამზარეულოს საიდუმლოებებს აზიარა, არამედ სამუდამოდ შეაყვარა იტალია და ხმელთაშუაზღვის კერძები.
1997 წელს, როცა საკუთარი საქმით გატაცებული ოლივერი ლონდონურ რესტორანში The River Cafе-ში მუშაობდა სუ-შეფად, სამზარეულოს მოულოდნელად დაატყდა თავს ВВС-ს სატელევიზიო ჯგუფი, რომელმაც პოპულარული იტალიური კერძის - როტოლოს მომზადების გადაღება გადაწყვიტა. პროდიუსერმა სწრაფად შეამჩნია ქარიზმატული ჯეიმი და სწორედ მას შესთავაზა მოკლე სიუჟეტში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, 23 წლის ოლივერი სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას და ისეთი აზარტით, მონდომებით შეასრულა დაკისრებული მისია, რომ მეორე დღეს ხუთი გადაცემიდან მიიღო მიწვევა.
მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ ოლივერმა ისევ ВВС-ის პროდიუსერის შეთავაზება მიიღო და რამდენიმე სიუჟეტიც მოამზადა, 1999 წელს კი, როცა ტელეკომპანიის მესვეურების ნდობასთან ერთად მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა, საკუთარი პროექტი „შიშველი მზარეული“ წამოიწყო.
რა თქმა უნდა, კულინარულ შოუს არაფერი ჰქონდა საერთო ეროტიკასთან, უჩვეულო სახელი კი, ოლივერის კულინარული სტილის - რთული სოუსებისა და ძვირადღირებული სანელებლების გარეშე, მხოლოდ მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით კერძების მომზადების წყალობით შეიძინა. „თავიდან ცოტა შემეშინდა, რადგან არ მინდოდა დედას ეფიქრა, თითქოს ლონდონში პორნოგრაფიულ ფილმებში მონაწილეობისთვის გადავბარგდი“, - აღნიშნა ჯეიმიმ, როცა დაბნეული პუბლიკისთვის გადაცემის სახელის განმარტება მოუწია, რადგან ბევრმა სწორედ ეროტიკულ შოუდ მიიჩნია და ჯეიმის შიშვლად პოზირებაც კი შესთავაზა, რაზეც მან მხოლოდ გაიღიმა და თანდაყოლილი აზარტის მიუხედავად მაინც უარი განაცხადა.
მართალია, შოუმ სრულად დაიცვა ზნეობის ნორმები, მაგრამ ბევრისთვის მაინც მოულოდნელ სიურპრიზად იქცა, რადგან ოლივერმა უარი თქვა ქათქათა თეთრი კიტელის, მზარეულის სხვა ატრიბუტების მორგებაზე და მაყურებლის წინაშე პრაქტიკულად საშინაო ტანსაცმლით - ჯინსის შარვლით, კუბოკრული პერანგითა და კედებით წარსდგა, რასაც ზედმეტად მხიარულად და ხმაურიანად, სწრაფად და ემოციურად კერძების მზადებაც დაემატა. მეტიც, ხალისიანი ჯეიმი პერიოდულად ხილით და ბოსტნეულით ჟონგლიორობდა, დასვრილ ხელებს კი, პირდაპირ წინსაფარზე იწმენდდა.
მსგავსი სანახაობის შემხედვარე პროდიუსერებმა შოუს სწრაფად დახურვა ივარაუდეს, თუმცა, ყველას გასაკვირად ოლივერმა არა მხოლოდ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, არამედ ახალი გადაცემის გაკეთების შეთავაზებაც მიიღო. რა თქმა უნდა, წარმატებით შთაგონებულმა მზარეულმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და 2000 წელს ჯერ Pukka Tukka წარუდგინა პუბლიკას, მერე გადაცემაში Jamie's Kitchen მოაწყო ნამდვილი კულინარული პერფორმანსი.
პირველი საერთაშორისო რესტორანი Jamie’s Italian ვარსკვლავურმა მზარეულმა 2008 წელს გახსნა ლონდონში, რასაც 50 ანალოგიური რესტორანი მოჰყვა მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღეს „შიშველი მზარეული“ რესტორნების გლობალური ქსელის მფლობელია, რომელმაც პრაქტიკულად მთელი პლანეტა მოიცვა. მეტიც, მხოლოდ ბრიტანეთში მართავს Jamie Oliver Group 25 კვების ობიექტს, რაც ყოველ წელს საშუალოდ 150 მილიონი ფუნტი სტერლინგით ამდიდრებს მის მეპატრონეს.
მართალია, 2016 წელს ოლივერის სარესტორნო ბიზნესმა მარცხი განიცადა, კომპანიის ვალმა კი, კრიტიკულ ზღვარს - 71 მილიონს მიაღწია, მაგრამ 40-მდე კუთვნილი ბრენდის წყალობით, რომელთაც რესტორნების გარდა, სამოდელო სააგენტოები და გრაფიკული დიზაინის სტუდიები გააერთიანა, კულინარმა ბიზნესმენმა საკუთარი იმპერია სამ სეგმენტად - რესტორნებად (Jamie Oliver Restaurant Group), პირად ბრენდებად (Jamie Oliver Licensing), მედიად და საგამომცემლო საქმედ (Jamie Oliver Holdings) გაყო და ზარალიც მოსალოდნელზე სწრაფად აინაზღაურა.
რესტორნებისა და ტელეშოუების პარალელურად ოლივერი აქტიურადაა ჩაბმული ქველმოქმედებაში. 2012 წელს ჯეიმიმ საქველმოქმედო კაფე გახსნა ჯერ ლონდონში, მერე ამსტერდამსა და მელბურნში, რომელთაც Fifteen უწოდა. თავად მეცენატმა მსგავსი სახელი საკმაოდ მარტივად ახსნა, როგორც აღმოჩნდა, პირველ რესტორანში, რომელიც 2002 წელს გახსნა 15 ახალგაზრდა მიიღო სამუშაოდ კრიმინალური წარსულით.
2003 წელს ოლივერი, რომელიც წლების მანძილზე თავგამოდებით იბრძოდა ჯანსაღი რაციონისთვის, რადგან ნამდვილ ეპიდემიად მიაჩნდა ბრიტანელების ჭარბი წონა და ე.წ. fast food-ით გატაცება, ჯერ სამეფო კოლეჯის ექიმთა ასოციაციაში გაწევრიანდა, მოგვიანებით კი, თავად ელისაბედ მეორისგან მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ჯანსაღი კვების პროპაგანდაში შეტანილი წვლილისთვის.
თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და 2005 წელს ახალი პროექტი Jamie’s School Dinners წამოიწყო, რომელიც საშუალო სკოლების მენიუდან მავნე საკვების ამოღებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მზარეულის ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი ბრიტანეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ხელმძღვანელობით, რომელმაც 280 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო სკოლების სამზარეულოს საჭირო ტექნიკით აღსაჭურვად, მზარეულების გადამზადებისა და მოსწავლეთა რაციონის გასაუმჯობესებლად, თავად ოლივერი კი, რომლის წყალობითაც მაქსიმალურად შემცირდა ცხიმების, არომატიზატორების და საღებავის შემცველობა ბავშვების რაციონში, ტკბილ და გაზიან სასმელზე კი, დამატებითი გადასახადი დაწესდა, „2005 წლის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად“ დასახელდა.
უცნაურია, მაგრამ ჯოან როულინგის შემდეგ სწორედ ჯეიმი ოლივერი ითვლება ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად მწერლად ბრიტანეთში. 2022 წლის მონაცემებით „გემრიელ მწერლად“ წოდებულმა ოლივერმა 27 კულინარული კრებული გამოსცა, რომელთა საერთო ტირაჟმა 15 მილიონ ეგზემპლარს, შემოსავალმა კი, 180 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.
2000 წელს ჯეიმიმ მოდელზე ჯულიეტ ნორტონზე იქორწინა, რომელიც ჯერ კიდევ 18 წლისამ გაიცნო და შეუყვარდა. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა, რომელთაც მამამ სრული თავისუფლება მიანიჭა, თუმცა მკაცრად აკონტროლებს კვების რაციონს, რადგან მიაჩნია რომ სწორედ ადრეულ ასაკშია საჭირო ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ პოპულარობის მიუხედავად, ოლივერმა მაინც მშობლიურ კლავერინგი ამჯობინა დარჩენა, სადაც უზარმაზარი მიწის ნაკვეთი შეიძინა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო.