ერთ დღესაც შესაძლოა, თქვენ საბანკო ანგარიშები დაიხუროს და უფრო მეტიც, დასანქცირებულთა სიაშიც აღმოჩნდეთ. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმის თობაზე, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება.
"საქართველოს საბანკო ასოციაცია" მოქალაქეებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაძლოა, კონკრეტული პირის ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს. ამასთან, რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, რაც ზრდის ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის რისკს.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე